ინდოეთი-პაკისტანი

ლავროვმა ინდოეთსა და პაკისტანს დაძაბულობის მოგვარებაში დახმარება შესთავაზა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

4 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ისჰაქ დარის ტელეფონით ესაუბრა და ინდოეთთან დაძაბულობის მოგვარებაში დახმარება შესთავაზა.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დელისა და ისლამაბადს შორის დაძაბულობის მნიშვნელოვან ზრდას". - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"აღინიშნა, რომ თუ ისლამაბადისა და დელის მხრიდან ორმხრივი სურვილი იქნება, რუსეთი მზად არის იმოქმედოს სიტუაციის პოლიტიკური მოგვარებისთვის, რომელიც 22 აპრილს ქაშმირის ველზე მდებარე ფაჰალგამის რეგიონში მომხდარი ტერაქტის შედეგად შეიქმნა". - წერს სამინისტრო.

მანამდე, 2 მაისს საუბარი ლავროვსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრამანიამ ჯაიშანკართან შედგა.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ასიმ მუნირის თქმით, პაკისტანს მშვიდობა სურს, თუმცა საკუთარ ინტერესებს დაიცავს.

"ინდოეთის ნებისმიერი სამხედრო ავანტურა მყისიერი და უფრო მძლავრი პასუხით იქნება მოგერიებული". - თქვა მან ქაშმირში გამართული წვრთნებისას.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე პერიოდული სროლა მიმდინარეობს, თუმცა ინდოეთის ცნობით, დაღუპულები არ არიან.

კვირის დასაწყისში ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ სამხედრო ლიდერებს უთხრა, რომ თავისუფლად შეუძლიათ ქვეყნის საპასუხო ფორმა განსაზღვრონ.

მანამდე, 30 აპრილს, პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა, ათაულა თარარმა Facebook-ზე ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ პაკისტანის დაზვერვის ინფორმაციით, ინდოეთი მათ წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში აპირებს.

22 აპრილს ინდოეთის ჩრდილოეთში, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში, ტერორისტების ჯგუფმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სროლის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 10 ადამიანი. რამდენიმე იარაღით შეიარაღებულმა პირმა ტურისტების ჯგუფს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.

კომენტარები