რუსული რეჟიმი

დღეს ბევრი გერმანელი მოაზროვნე გამახსენდა – მარიამ ლაშხი

TV Imedi/კადრი ვიდეოდან

"დღეს ბევრი გერმანელი მოაზროვნე გამახსენდა" - ივანიშვილის წარმომადგენელი მარიამ ლაშხი პროპაგანდისტულ TV იმედის ეთერში, გადაცემა იმედი LIVE-ში საუბრისას ავსტრიელ ეკონომისტს, იოზეფ შუმპეტერს, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პირველ კანცლერს, კონრად ადენაუერს და გერმანელ ფილოსოფოს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტს იმოწმებს. 

ლაშხი ამტკიცებს, რომ გერმანიაში დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფა ხდება. მისივე თქმით, შუმპეტერს თუ "მოვუსმენთ",  ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს ვინ მართავს და "სწორედ ამ უფლებას ართმევენ". 

"რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, [გერმანიაში] ხდება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფა მაშინ, როდესაც თავად გერმანია იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი და მათი მოაზროვნეებს რომ მოვუსმინოთ, იქნება ეს შუმპეტერი თუ სხვა, ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს ვინ მართავსო და სწორედ ამ უფლებას ართმევენ" - ამბობს ლაშხი.

ივანიშვილის წარმომადგენელი კონრად ადენაუერსაც იხსენებს ევროპის იდეის განსამარტად - "კონრად ადენაუერიც ამბობდა, შეიძლება ერთ სახლში ვართ, მაგრამ ყველას სხვადასხვა ბინა გვაქვსო".

როგორც ლაშხი ამბობს, დღეს ბევრი გერმანელი მოაზროვნე გაახსენდა. 

"ჰუმბოლდტს რომ დავესესხოთ, დღეს ბევრი გერმანელი მოაზროვნე გამახსენდა, ჰუმბოლდტი ამბობს, რომ ევროპა და დემოკრატიის მთავარი პრინციპი არის, როდესაც შენი ფესვები არის კულტურული, იმ ტრადიციებზე, ღირებულებებზე დაფუძნებული, რომელიც თითოეულ ქვეყანას აქვს და თუ ამ ფესვებს მოჭრი, მთლიანად დემოკრატიის არსი იწყებს ჭკნობას" - თქვა მარიამ ლაშხმა. 

კომენტარები