კოსმოსი

მთვარეზე გაშვებული ხომალდი საწვავის გაჟონვის გამო მისიას ვერ შეასრულებს

პერეგრინზე დამაგრებული კამერიდან გადაღებულ სურათებში კოსმოსურ ხომალდზე გარე დაზიანებები შეინიშნება
Astrobotic / X

8 იანვარს აშშ-ს კერძო კომპანიის მიერ პირველად მთვარის მიმართულებით გაშვებულ კოსმოსურ ხომალდს მამოძრავებელი სისტემის პრობლემა შეექმნა, რამაც საწვავის გაჟონვა გამოიწვია.

მისიის დაწყებიდან რამდენიმე საათში, ამერიკულმა კერძო კომპანიამ Astrobotic-მა ტექნიკური პრობლემების შესახებ ცნობების გავრცელება დაიწყო. თავდაპირველად გაირკვა, რომ მამოძრავებელ სისტემაში გაუმართაობის გამო, მთვარეზე დასაჯდომად გაგზავნილ მოდულზე დამაგრებული მზის პანელი მზისკენ ვერ მიმართეს, რათა ბორტზე მდებარე ბატარეა დატენილიყო.

ინჟინრების თქმით, მათ იმპროვიზებულად მთლიანად ხომალდის მზისკენ მიმართვა მოახერხეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ იმავე გაუმართაობამ რაკეტის საწვავის კრიტიკული გაჟონვა გამოიწვია. მალევე კომპანიაში თქვეს, რომ მამოძრავებელი სისტემის პრობლემა "საფრთხეს უქმნის კოსმოსური ხომალდის უნარს, მთვარეზე რბილად დაეშვას". Astrobotic-ის განცხადებით, ისინი შესაძლო ალტერნატიული მისიის გზებს განიხილავდნენ.

კომპანიის მიერ გავრცელებული განახლებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი მიზანია პერეგრინი რაც შეიძლება ახლოს მივიდეს მთვარესთან, სანამ იგი ვეღარ შეძლებს მზისკენ იყოს მიმართული და ელექტროენერგიას დაკარგავს. მათი თქმით, სავარაუდოდ კოსმოსურ ხომალდს კიდევ 40 საათის განმავლობაში შეუძლია მზისკენ მიმართული პოზიცია შეინარჩუნოს.

გეგმის მიხედვით, გუშინ ვულკანის რაკეტით გაშვებული კოსმოსური ხომალდი პერეგრინი მთვარეზე 23 თებერვალს უნდა დამჯდარიყო. კომპანიის მიზანი მომავალში დაგეგმილი ადამიანების მთვარეზე გაგზავნისთვის ინფორმაციის მოპოვება იყო. მისიის ფარგლებში, კოსმოსური ხომალდის ბორტზე ადამიანები არ იმყოფებოდნენ.

მისიის წარმატების შემთხვევაში, პერეგრინი პირველი ხომალდი იქნებოდა, რომელიც მთვარის ზედაპირზე 1972 წლის შემდეგ დაეშვა, ხოლო პირველი კერძო ხომალდი, რომელიც მთვარეზე დაჯდა.

ხომალდი აღჭურვილია NASA-ს მიერ მიწოდებული თანამედროვე ტექნიკითა და სხვადასხვა სამეცნიერო მოწყობილობებით, რომელიც მთვარის ზედაპირისა და გრუნტის შესასწავლად გამოიყენება.

ბორტზე ასევე არის ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალის, Star Trek-ის შემქმნელის, ჯინ როდენბერის ნეშტი.

კომენტარები