ტრამპის ადმინისტრაცია

WP: უოლცი თანამდებობიდან მოხსნეს, რადგან, მათ შორის, ირანის წინააღმდეგ იერიშს მხარს უჭერდა

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი
Economist

გამოცემა Washington Post ანონიმურ წყაროებზე დარყდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლა, მათ შორის, იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების საკითხზე უოლცს არ ეთანხმებოდა.

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებს უოლცთან უთანხმოებები მანამდეც ჰქონდათ, სანამ ის The Atlantic-ის მთავარ რედაქტორს, ჯეფრი გოლდბერგს შეცდომით Signal-ის ჯგუფში ჩაამატებდა, სადაც მაღალჩინოსნები იემენელ ჰუსიტებზე შეტევის დეტალებს განიხილავდნენ. 

ამასთან, გამოცემის წყაროების თქმით, თეთრი სახლის აპარატის უფროსს, სუზი უაილსს ეჭვი ჰქონდა, რომ უოლცი ტრამპის ადმინისტრაციისთვის შესაფერისი არ ყოფილა. 

მიუხედავად ამისა, WP ხაზს უსვამს, რომ Signal-ის აპლიკაციის სკანდალმა უოლცის თანამდებობიდან მოხსნაში დიდი წვლილი შეიტანა. 

WP-ის წყაროების თანახმად, ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების საკითხის მიმართ უოლცის დამოკიდებულებას არ იზიარებდა. 

როგორც გამოცემა წერს, თებერვალში თეთრ სახლში ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის დროს უოლცი ნეთანიაჰუს ეთანხმებოდა, რომ ირანზე იერიშისთვის ხელსაყრელი დრო იყო.

ამასთან, წყაროების თქმით, უოლცი შეხვედრამდე ნეთანიაჰუსთან სამხედრო ქმედების ვარიანტებს სიღრმისეულად განიხილავდა, რამაც ტრამპი გააღიზიანა.

“ამის შესახებ ტრამპმა გაიგო და პრეზიდენტს ეს არ გაუხარდა”. - თქვა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.

WP-ს წყაროები ეუბნებიან, რომ უოცლს “აშშ-ს პოლიტიკის განვითარება სურდა იმ გზით”, რომელსაც ტრამპი არ იზიარებდა, რადგან აშშ-ს იმ დროისთვის “დიპლომატიური გამოსავალი ნაცადი არ ჰქონდა”. 

გამოცემის წყაროების თანახმად, რიგი თანამდებობის პირები ეჭვქვეშ აყენებენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ტრადიციული ფორმით არსებობის საჭიროებას და თანახმა არიან, რომ უოლცის შემცვლელად სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დატოვონ, რომელიც ტრამპმა მრჩეველის დროებით შემცვლელად დანიშნა. 

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება შეამცირებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გავლენას, ეს უწყება კი თანამედროვე პრეზიდენტების ადმინისტრაციების საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩევენლს, მაიკ უოლცს გაეროში აშშ-ს ელჩად ნიშნავს.

გადაწყვეტილებამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიკ უილცი და მისი მოადგილე თანამდებობების დატოვებას აპირებნდნენ

24 მარტს The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გაავრცელა ცნობა, რომ მარტის შუა რიცხვებში ის საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ის ჯგუფურ ჩატში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის სახელის მქონე ანგარიშმა დაამატა. ჩატში დაწვრილებით განიხილებოდა იემენელ ჰუსიტებზე მისატანი იერიშები და მოთხოვნები პარტნიორების მიმართ. მასში დამატებული იყვნენ მომხმარებლები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სახელები ეწერათ. მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ვიცეპრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სხვები. 

ვრცლად, თუ რაზე საუბრობდნენ ჩატში, წაიკითხეთ აქ – "ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით საკუთარი საომარი გეგმები მომწერა".

25 მარტს, გამოცემა POLITICO-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც Signal-ის ჩატის ინციდენტი ცნობილი გახდა, თეთრ სახლში მის გათავისუფლებას განიხილავდენენ.

POLITICO წერდა, მათ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ, რა უქნან უოლცს. 

"მათი ნახევარი ამბობს, რომ ის ვერ გადარჩება ან არ უნდა გადარჩეს." - თქვა მედიასთან ანონიმურმა მაღალჩინოსანმა. მისივე თქმით, თეთრი სახლის ორი მრჩეველი ფიქრობდა, რომ უოლცი გასათავისუფლებელი იყო, რათა პრეზიდენტი "ცუდ პოზიციაში" არ აღმოჩენილიყო.

"უპასუხისმგებლობა იყო იმის არ შემოწმება, თუ ვინ იყო ჩატში. უპასუხისმგებლობა იყო ამ საუბრის Signal-ში გამართვა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად უპასუხისმგებლო ვერ გეყოლება." - თქვა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.

25 მარტს, NBC News-ისთვის მიცემულ კომენტარში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის სკანდალზე ისაუბრა და თქვა, რომ უოლცმა "გაკვეთილი ისწავლა".

"მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა და ის კარგი ადამიანია." - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა თქვა, რომ კონფიდენციალურ ჩატში The Atlantic-ის რედაქტორის ყოფნას "არანაირი გავლენა" ჰქონია და იემენელ ჰუსიტებზე მიტანილი იერიში "შესანიშნავად წარმატებული" იყო.

კომენტარები