გამოცემა POLITICO-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Signal-ის ჩატში The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი დაამატა, თეთრ სახლში მის გათავისუფლებას განიხილავენ. ამ ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის წყაროების თქმით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა საბოლოო განაჩენი მომდევნო ერთ ან ორ დღეში გამოიტანოს. აქამდე ის თვალს ადევნებს თუ როგორ შუქდება სკანდალი, რომელიც 24 მარტს გაირკვა.
POLITICO-ს ცნობით, მათ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ, რა უქნან უოლცს.
"მათი ნახევარი ამბობს, რომ ის ვერ გადარჩება ან არ უნდა გადარჩეს." - თქვა მედიასთან ანონიმურმა მაღალჩინოსანმა. მისივე თქმით, თეთრი სახლის ორი მრჩეველი ფიქრობს, რომ უოლცი გასათავისუფლებელია, რათა პრეზიდენტი "ცუდ პოზიციაში" არ იყოს.
"უპასუხისმგებლობა იყო იმის არ შემოწმება, თუ ვინ იყო ჩატში. უპასუხისმგებლობა იყო ამ საუბრის Signal-ში გამართვა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად უპასუხისმგებლო ვერ გეყოლება." - თქვა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.
კიდევ ერთი ანონიმური წყაროს თქმით, თეთრ სახლში ყველა თანხმდება, რომ უოლცი "იდიოტია". თუმცა, ეს წყარო ვარაუდობს, რომ მრჩეველს არ გაათავისუფლებენ.
კიდევ ერთმა ანონიმურმა წყარომ, რომელიც მოვლენებშია ჩართული, თქვა, რომ ტრამპი უოლცს ესაუბრა და თეთრი სახლი ამჟამად მის გვერდით დგას.
მეოთხე ანონიმური წყაროს თქმით, იციან, რომ არსებობს შიდა ზეწოლა, რომ უოლცს საკუთარი შეცდომისთვის პასუხი აგებინონ, თუმცა, მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის პირად შეხედულებებზე იქნება დამოკიდებული. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩატში ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ.
კიდევ ორი მაღალჩინოსანი ამობს, რომ ტრამპმა შეიძლება უოლცი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულოს, თუმცა შესაძლოა ის ვიცეპრეზიდენტ ჯეიდი ვენსზე გაღიზიანდეს, რადგან ჩატში ვიცეპრეზიდენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საპირისპირო კომენტარებს აკეთებდა. ასევე, იგივე წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ტრამპის სამიზნე შესაძლოა თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთიც გახდეს, რომელიც, The Atlantic-ის ცნობით, საიდუმლო ინფორმაციას Signal-ის ჩატში წერდა.
POLITICO აღნიშნავს, რომ მომხდარმა შექმნა გარემოებები იმისთვის, რომ უოლცის გამოცდილმა კრიტიკოსებმა მისი გათავისუფლება საეჭვო ნეოკონსერვატიული კავშირების გამო მოითხოვონ. უოლცი წარსულში ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, დიკ ჩეინის კონტრტერორიზმის მრჩეველი იყო, თუმცა, ამჟამინდელი სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მსგავსად, მისი საგარეო პოლიტიკა შეიცვალა მიდგომისკენ - "ამერიკა უპირველეს ყოვლისა". უოლცთან დაკავშირებული ეჭვები სოციალურ მედიაში გააჟღერეს ამერიკელმა იზოლაციონისტმა კონსერვატორებმა, რომლებისთვისაც საეჭვოა, თუ საერთოდ რატომ ჰქონდა უოლცს The Atlantic-ის მთავარი რედაქტორის მობილურის ნომერი. ისინი ფიქრობენ, რომ უოლცი კვლავ ნეოკონსერვატიზმისკენაა მიდრეკილი.
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენები ბოლო თვეებში ტრამპის საწინააღმდეგო განცხადებებს არ აკეთებდნენ, ზოგიერთმა მათგანმა მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებები გამოთქვა. მათ შორის არიან დონ ბეიკონი და როჯერ ვიკერი.
როგორც POLITICO აღნიშნავს, განსაკუთრებით საყურადღებოა ფაქტი, რომ უოლცს აკრიტიკებენ ამერიკის ხისტი საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერები, რომელთაც ის მიაჩნიათ საკუთარ წარმომადგენლად თეთრ სახლში, სადაც ადმინისტრაციის უმრავლესობას იზოლაციონისტები წარმოადგენენ.
POLITICO ასევე წერს, რომ რესპუბლიკელ კონგრესმენებს სურთ, რომ უოლცმა თანამდებობა შეინარჩუნოს. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა POLITICO-სთან საუბარში თქვა, რომ უოლცი არ უნდა გადადგე, რადგან ის ამ სამუშაოსთვის კვალიფიციური და სანდოა.
24 მარტს The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გაავრცელა ცნობა, რომ მარტის შუა რიცხვებში ის საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ის ჯგუფურ ჩატში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის სახელის მქონე ანგარიშმა დაამატა. ჩატში დაწვრილებით განიხილებოდა იემენელ ჰუსიტებზე მისატანი იერიშები და მოთხოვნები პარტნიორების მიმართ. მასში დამატებული იყვნენ მომხმარებლები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სახელები ეწერათ. მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ვიცეპრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სხვები.
ვრცლად, თუ რაზე საუბრობდნენ ჩატში, წაიკითხეთ აქ – "ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით საკუთარი საომარი გეგმები მომწერა".





