ოკუპირებული აფხაზეთი

EU: აფხაზეთში ფრენების დაწყება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი დარღვევაა

ევროკავშირი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციიდან სოხუმში რეგულარული ავიარეისების დაწყების ფაქტს.

ცნობისთვის დღეს, 1 მაისს, 32 წლის შემდეგ მოსკოვიდან სოხუმში პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა - UVT Aero-ს ავიახაზების კომერციული თვითმფრინავი ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა და სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტში დაფრინდა. 

EU განცხადებაში წერს, რომ რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივი გადაწყვეტილებაა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე მიიღო, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია.

"ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებულ ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული, კომერციული სამგზავრო რეისები სოხუმის მიმართულებით საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში.

ეს ქმედება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების თანხმობისა და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის გარეშე განხორციელდა, მორიგი ნაბიჯია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - წერია განცხადებაში.

კომენტარები