ოკუპირებული აფხაზეთი

32 წლის შემდეგ პირველად, მოსკოვიდან სოხუმში რეგულარული ავიარეისი შესრულდა

32 წლის შემდეგ მოსკოვიდან სოხუმში პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა. UVT Aero-ს ავიახაზების კომერციული თვითმფრინავი ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა და სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტში დაფრინდა. 

თვითმფრინავს აეროპორტში, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა, ე.წ. ვიცეპრეზიდენტი ბესლან ბიგვავა, ე.წ. პრემიერმინისტრი ვლადიმირ დელბა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო დახვდნენ. 

"ეს ისტორიული მოვლენა განსაკუთრებულ ბიძგს მისცემს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას". - რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, რეპორტიორებთან საუბრისას თქვა გუნბამ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ "ამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის" მადლიერება გამოხატა. 

სოხუმის აეროპორტი, აფხაზეთის ომის გამო, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით (ICAO) 1993 წელს დაიხურა. 2023 წლის ივნისში რუსეთი და ოკუპირებული  აფხაზეთი აეროპორტის რეკონსტრუქციაზე შეთანხმდნენ. რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, პირველი საცდელი ფრენა მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით 2025 წლის თებერვალში გაიმართა. 

UVT Aero სანქცირებულია ევროკავშირის მიერ. ბლოკმა ავიახაზებს სანქციები რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწესა. 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ივანიშვილის მთავრობას ოკუპირებულ აფხაზეთთან რეგულარული ფრენების განახლების გამო რუსეთისთვის საპროტესტო ნოტა არ გაუგზავნია. ტაბულა აღნიშნულის გადამოწმებას საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობს. 

"ამაზე ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და არაერთხელ დაგვიფიქსირებია - საქართველო გმობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით აეროპორტის ოპერირებას და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია და განცხადება, ამას მხარს უჭერს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - ICAO.

ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი და მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზაციასთან, ეს ეწინააღმდეგება ICAO-ს პრინციპებს, ეწინააღმდეგება კანონს ოკუპაციის შესახებ. ამაზე სამინისტროს ჰქონდა ყოველთვის მკაფიო პოზიცია, ასევე რეაქცია - ჩვენი მხრიდან ეს ყოველთვის  ღიად დაგმობილი იყო და ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ". - თქვა ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოსკოვი-სოხუმის რეისების განახლების შესახებ. 

კომენტარები