ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 350-მდე პირი დაზარალდა. ამის შესახებ ტვ პირველთან ბაზრობის დირექციის წარმომადგენელმა ისაუბრა და თქვა რომ დაზღვევა გაკეთებულია ტერიტორიაზე თუმცა არა ფიზიკურ პირებზე.
"ჩვენ ვიყავით მოიჯარეები. თორნიკე წერეთელია წარმომადგენელი, მე ვარ მთავარი მენეჯერი, დასაქმებული მყავდა მინიმუმ 350 კაცი, უამრავი ზარალია, მარტო წიგნების საწყობი, მარტო წიგნების საწყობი 250 000 დოლარის იყო. ფიზიკურ პირზე არ იყო დაზღვევა, დაზღვეულია ბაზრობა, მაგრამ ეს ტერიტორია ეკუთვნის რკინიგზას, ჩვენ ქვემო მოიჯარეები ვართ". - თქვა მენეჯერმა.
ამასთან ერთად, განცხადებას ავრცელებს თბილისი ცენტრალი, რომელიც წერს, რომ ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორია ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან აქვს იჯარით აღებული, თუმცა, 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ბაქანი ეწევა და "ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას".
"მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე.
აღნიშნული ტერიტორია 49-წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს ბაქანი. ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას.
ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შპს ბაქანი უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას.
ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სრული ზარალის შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მოხდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ". - ნათქვამია განცხადებაში.





