ესპანეთში, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაწილებში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის მიზეზის დასადგენად, ევროკომისია გამოძიებას დაიწყებს - ამის შესახებ ევროკომისარი, დენ იორგენსენი სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებას ავრცელებს.
ცნობისთვის, 28 აპრილს ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაწილებში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა მოხდა, რამაც აეროპორტებისა და ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია.
დღეს, 29 აპრილს, ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღდგა.
"ელექტროენერგია ესპანეთსა და პორტუგალიაში, თითქმის აღდგენილია - ეს ევროპის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე სერიოზული ინციდენტი იყო.
მზად ვართ, ყველა შესაძლო გზით დავეხმაროთ ესპანეთსა და პორტუგალიას - მათ შორის, მომხდარზე გამოძიების დაწყებით". - წერს იორგენსენი სოციალურ ქსელში.
ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიუხედავად, ესპანეთის სამ რეგიონში ამ დრომდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა - ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა დღეს, 29 აპრილს განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არსებული სიტუაციის გასაანალიზებლად კვლავ შეიკრიბებოდა.