პორტუგალიის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია REN აცხადებს, რომ ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა "იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს" უკავშირდება, რამაც ესპანეთის ელექტროქსელში ხარვეზი გამოიწვია.
"ესპანეთში ტემპერატურის უკიდურესი ცვალებადობის გამო, ძალიან მაღალი ძაბვის ხაზებში (400 კვ) მოხდა ანომალიური რხევები - ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც 'ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია'.
ამ რხევებმა ელექტრულ სისტემებს შორის სინქრონიზაციის დაკარგვა გამოიწვია, რაც ურთიერთდაკავშირებულ ევროპულ ქსელში ხარვეზებში გამოვლინდა". - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ესპანეთი პორტუგალიური კომპანიის ვარაუდს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
ცნობისთვის, დღეს, 28 აპრილს ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაწილებში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა მოხდა, რამაც აეროპორტებისა და ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია.
ესპანეთის ელექტროენერგიის ქსელის მმართველი კომპანია, Red Electrica აცხადებს, რომ ელექტრო ენერგიის აღდგენას შესაძლოა 10 საათი დასჭირდეს.
REN-ის ბოლო განცხადების მიხედვით კი, პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდების სრულ აღდგენას შესაძლოა, 1 კვირამდე დროც კი დასჭირდეს.
"ფენომენის კომპლექსურობისა და საერთაშორისო მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ხელახლა დაბალანსების საჭიროებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ქსელის სრულ აღდგენას 1 კვირამდე დასჭირდეს". - ნათქვამია განცხადებაში.