აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონი საუბარი შედგა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, რუბიოსთან საუბარი ლავროვმა მოითხოვა.
აშშ-ს განცხადებით, რუბიომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებისა და ომის სწრაფად დასრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მხარეებმა კიდევ ერთხელ, პროდუქტიულად გაცვალეს შეხედულებები, ხოლო საუბრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომი იყო.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფის შეხვედრის შემდეგ საჭიროა მომდევნო ნაბიჯების გადადგმა გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამსაათიანი შეხვედრა 25 აპრილს, მოსკოვში გამართა.
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრის თემა უკრაინის ომის დასრულების ამერიკული გეგმა იყო და შეხვედრის შედეგად ორი ქვეყნის პოზიციები ერთმანეთს დაუახლოვდა.
კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობდა, შეხვედრა "კონსტრუქციულად და ძალიან სასარგებლოდ" შეაფასა.
"საუბარმა საშუალება მოგვცა, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პოზიციები უფრო დაახლოებულიყო, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა საერთაშორისო საკითხების გარშემოც". - აღნიშნა უშაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესძლებლობა განიხილეს განახლების შესაძლებლობა“.
უიტკოფის ვიზიტს წინ უძღვის ტრამპის კრიტიკა რუსეთის მიმართ 24 აპრილს კიევზე მომაკვდინებელი თავდასხმის გამო.
რუსეთმა გუშინ უკრაინის დედაქალაქზე დრონებითა და რაკეტებით მასიური იერიში მიიტანა, რასაც, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები.
ტრამპი აღნიშნულს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა.
"მე არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე. არასაჭიროა და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი კვდება. მოდით, დავასრულოთ სამშვიდობო შეთანხმება!" - წერდა ტრამპი.





