კიევის, პოდოლის რაიონის სასამართლომ, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ყოფილი პრეზიდენტი დეზერტირობის წახალისებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გაასამართლეს.
იანუკოვიჩის გარდა, იმავე მუხლებით გაასამართლეს უკრაინის სახელმწიფო დაცვის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც ასევე პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
"პროკურორებმა სასამართლოში დაამტკიცეს, რომ 2014 წლის 23 თებერვალს, ყოფილმა პრეზიდენტმა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დახმარებით, საჰაერო გზით უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი". – წერია განაჩენში.
იანუკოვიჩი უკრაინის სასამართლომ უკვე მეორედ ცნო დამნაშავედ. პირველ, სახელმწიფო ღალატის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი 2019 წელს გაასამართლეს. იანუკოვიჩს დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.





