ოჯახში ძალადობა

პროკურატურამ ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის დედასა და ბებიას ბრალი წარუდგინა

პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და დასჯის მიზნით აიძულებდნენ მას არ დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი" - წერია უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელოს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით,
ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი - 1981 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1955 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა"
და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად
არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მანამდე, ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოში 7 წლის ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში იყო ჩაკეტილი და დაზიანებები აღენიშნებოდა.

კომენტარები