ოკუპირებულ ცხინვალში მარიონეტული რეჟიმი მსხვილ სპეცოპერაციას ატარებს, რომელიც "დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირების გამოვლენასა და დაკავებას" ისახავს მიზნად.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ოპერაციაში ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ასამდე თანამშრომელი არის ჩართული.
დე ფაქტო სამინისტროს მიხედვით, ეჭვმიტანილების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებლები ამოიღეს, ხოლო ექვსი ადამიანი უკვე დაკავებულია.
მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შსს-მ თქვა, რომ სპეცოპერაცია ე.წ. მაღალჩინოსანზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დაიწყო.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში სპეცოპერაციის დაწყების კონკრეტული მიზეზი დასახელებული არ არის.
თუმცა, ერთ-ერთ ადგილობრივ Telegram-არხში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია ე.წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ჩოჩიევის ოფისში შეიარაღებული პირების შეჭრის შემდეგ დაიწყო.
Telegram-არხის თანახმად, თავდამსხმელები ჩოჩიევისგან "საბაჟოს თანამშრომელთან კონტრაქტის გაფორმებას" ითხოვდნენ. ზოგიერთი ცნობით, ჩოჩიევი ცემეს.
Telegram-არხი Сапа ავრცელებს დაუდასტურებელ ცნობას, რომ მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები, მათ შორის, ხოხ გაბარაევსა და ოლეგ ჯაბიევს ეძებენ, რომლებიც აქამდე ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ვლადისლავ ვალიევის გატაცებაში ფიგურირებდნენ.





