რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი ფიქრობს, რომ აშშ-ს მოსკოვთან და კიევთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმება აქვს

Evan Vucci/AP

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აშშ-ს რუსეთთან და უკრაინასთან ომის დასრულების შესახებ შეთნხმება აქვს. 

"ვფიქრობ, შეთანხმება ორივესთან გვაქვს. იმედი მაქვს, ამას გააკეთებენ" - თქვა ტრამპმა

ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-მ რუსეთთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ახლა ეს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან უნდა გაიმეოროს, თუმცა ამავე მიმართვაში ის ამბობს, რომ შეთანხმება უკრაინასთანაც აქვთ.

"ვფიქრობდი, მასთან [ზელენსკისთან] გარიგება უფრო მარტივი იქნებოდა, ჯერჯერობით უფრო რთული აღმოჩნდა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება" - დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა


მანამდე, 23 აპრილს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ-მ როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას, წარუდგინა "ძალიან მკაფიო წინადადება" სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით და დადებითი პასუხის არ არსებობის შემთხვევაში აშშ "დაანებებს თავს ამ პროცესში მონაწილეობას".

18 აპრილს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ თუ მშვიდობისაკენ "ნათელი გზა" უახლოეს მომავალში არ გამოჩნდება, აშშ სამშვიდობო შეთანხმების შუამავლობას შეეშვება. 

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე დღეში რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად შუამდგომლობას შეწყვეტს, თუ მხარეებისგან ცხადი სიგნალი არ წამოვა, რომ შეთანხმება ნამდვილად მიღწევადია. 

"ჩვენ ამ მცდელობის გახანგრძლივებას კვირების ან თვეების განმავლობაში არ ვაპირებთ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ ახლა და ეს დღეების საკითხია, [მიღწევადია თუ არა შეთანხმება] მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში". - თქვა რუბიომ პარიზში ევროპელ და უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები