უკრაინა-ჩინეთი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის ელჩი დაიბარეს

22 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში ჩინეთის ელჩი, მა შენგკუნი დაიბარა, რათა "სერიოზული შეშფოთება" გამოეხატათ რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით.

უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, არსებობს სადაზვერვო მონაცემები, რომლის მიხედვითაც ჩინელი მოქალაქეები რუსეთში მდებარე უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანაში მუშაობენ.

"ჩინეთის მოქალაქეების საომარ მოქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ, აგრესორი ქვეყნის მხარეს მონაწილეობა, ისევე როგორც ჩინური კომპანიების ჩართულობა რუსეთში სამხედრო პროდუქციის წარმოებაში, იწვევს სერიოზულ შეშფოთებას და ეწინააღმდეგება უკრაინასა და ჩინეთს შორის არსებულ პარტნიორობას". - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, უკრაინულმა სპეციალურმა სამსახურებმა ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჩინურ მხარეს გადასცეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იანგ იმ განაცხადა, რომ "ჩინეთს არასდროს მიუწოდებია ლეტალური იარაღი ომში მონაწილე არც ერთ მხარისთვის".

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით ამარაგებს.  ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. 

"დღეს ჩვენ გვაქვს ზოგადი ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან, დენთისა და არტილერიის შესახებ სადაზვერვო მონაცემებიდან". - თქვა ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესბრიფინგზე. 

"ვფიქრობ, შემდეგ კვირაში დეტალურად შეგვეძლება ავხსნათ, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ ჩინეთის წარმომადგენლები რუსეთის ტერიტორიაზე ზოგიერთი ტიპის იარაღის წარმოებაში იღებენ მონაწილეობას". - დაამატა ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, 8 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე აიყვანა ტყვედ. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში ტყვედ აყვანილი ერთ-ერთი ჯარისკაცის ვიდეო გამოაქვეყნა. 

კომენტარები