რეჟიმის პატიმრის, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, სასამართლოს ეზოში დაკავებული გიორგი ჩხეიძის ადვოკატ მარიკა არევაძის თქმით, ჩხეიძეს ფიზიკური დაზიანებები აქვს.
"უმიზეზოდ დააკავეს, ის ტელეფონით გადაადგილდებოდა, ამ დროს უკნიდან პოლიციელები დაესხნენ თავს და გაიტაცეს სასამართლოს ეზოდან. გიორგის აღენიშნება ძალადობრივი გატაცების დროს მიღებული არაერთი დაზიანება, მათ შორის თავის არეში აქვს კოპი, აქვს დაზიანება მკლავის არეში, მხარზე და მუხლზე, რომელიც მას აქვს მიღებული არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაკავების დროს.
გიორგიმ, სანამ მე შევიდოდი, მოახერხა და ექიმს დაასურათებინა ეს ყველაფერი. იზოლატორში ვესაუბრე ექიმსაც და მან დამიდასტურა, რომ ეს ყველაფერი არის გადაღებული, რომელსაც აუცილებლად გამოვითხოვთ.
[...] გიორგის დაკავების დროს თან ჰქონდა ტელეფონი და აქსესუარები, რომლებიც იზოლატორში არ არის. მას ჩამოართვეს ეს ნივთები, ითხოვდა რომ დალუქულიყო მისი თანდასწრებით, რაც არ მოხდა. დავრეკეთ გენინსპექციის ცხელ ხაზზე" - ამბობს არევაძე TV პირველის ეთერში.
გიორგი ჩხეიძე სასამართლოს ეზოში დღეს დააკავეს. კადრებში ჩანს, რომ რეჟიმის პოლიციამ ეს პირი მანქანაში ჩასვა და ადგილიდან გაიყვანა. ჩხეიძე რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლისძმაა.





