მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თქვა, რომ რუსეთს სურს, არჩევნებზე გავლენის გზით მოლდოვის ხელისუფლება კრემლის მიერ კონტროლირებული ადამიანებით შეცვალოს და შემდგომ მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს.
ამის შესახებ სანდუმ Jurnal TV-ის ეთერში ილაპარაკა.
სანდუმ პარალელი გაავლო გასულ წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან და თქვა, რომ რუსეთი წელს 28 სექტემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევასაც შეეცდება.
"ჩვენ ეს უპრეცედენტო ჩარევა გასულ წელს ვიხილეთ და სრულად თვალნათელია, რომ ამ წელს ის [რუსეთი] არჩევნების შედეგებზე გავლენას შეეცდება. კრემლის ფსონი არის ქვეყნის ხელმძღვანელობის ჩანაცვლება იმ ადამიანებით, რომელთა კონტროლიც შეუძლია. აქ საუბარია არა მხოლოდ მოლდოვაზე, რადგან რუსეთის ინტერესი ახლა უკრაინაა. თუკი კრემლი ხელისუფლებაზე კონტროლს მოიპოვებს, მოლდოვას უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს". - თქვა სანდუმ.
სანდუს თქმით, არსებობს რეალური რისკი, რომ რუსეთი შეეცდება, მოლდოვა უკრაინასთან ომში ჩაითრიოს.
"ჩვენ უკრაინასთან 1 200-კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს. წარმოიდგინეთ, რომ ეს საზღვარი მეგობრულ ქვეყანასთან ერთ ღამეში გარდაიქმნება საზღვრად ქვეყანასთან, რომელიც მოსკოვიდან კონტროლდება. რა თქმა უნდა, აქ არის რისკები უკრაინისთვის, მაგრამ, ამავდროულად, რისკები მოლდოვისთვისაც იზრდება". - თქვა სანდუმ.
სანდუმ დაამატა, რომ მოლდოვის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვისა და უკრაინაში სიტუაციის გართულების თავიდან არიდებისთვის ეს არ უნდა მოხდეს.
"ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, რომ დავრჩეთ სწორ მხარეს, დავრჩეთ მეგობრულ ქვეყნად". - თქვა სანდუმ.
ცნობისთვის, მოლდოვის პრემიერმინისტრმა, დორინ რეჩანმა აქამდე თქვა, რომ რუსმა აგენტებმა დაახლოებით 200 მილიონი ევრო, მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1%-ის ეკვივალენტი, დახარჯეს გასულ წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამართულ რეფერენდუმში ხმების მოსასყიდად.
"კრემლის აგენტებმა ხმების მოსყიდვის მასობრივი კამპანია წამოიწყეს და დაახლოებით 200 მილიონი ევრო - მოლდოვის მშპ-ს თითქმის 1% - დახარჯეს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის". - თქვა რეჩანმა კიშინიოვში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც POLITICO წერს, მოსალოდნელია, რომ სექტემბერში დაგეგმილი არჩევნების შედეგად მოლდოვის პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპული მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის ადგილები მნიშვნელოვნად შემცირდეს.
სანდუ, რომელიც ცდილობს, მოლდოვა კიდევ უფრო დააახლოვოს ევროკავშირთან და დააშოროს რუსულ ორბიტას, ოპოზიციის სახით მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება. მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელიც 2024 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუს მთავარი ოპონენტი იყო და მნიშვნელოვანი რაოდენობის ხმებიც მიიღო, ამჟამად სამი ოპოზიციური პარტიის კოალიციის ლიდერია.
პრორუსულად განწყობილი სტოიანოგლოს კოალიცია მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებშიც სანდუს პარტიის მთავარი ოპონენტი იქნება.
მოლდოვის პარლამენტის სპიკერის, იგორ გროსუს თქმით, სექტემბრის არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის "გადამწყვეტი" იქნება.