რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის მთავრობამ ვაშინგტონთან 17 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ტექსტი გამოაქვეყნა

Kevin Lamarque/REUTERS

უკრაინის მთავრობამ 17 აპრილს ხელმოწერილი მემორანდუმის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვაშინგტონსა და კიევს შორის პოტენციური მინერალების შეთანხმების შემდგომი ფაზები და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტებია მიმოხილული

დოკუმენტის თანახმად, მომავალი შეთანხმება საფუძველს უქმნის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში ორ მთავრობას შორის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის დაფუძნებას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. 

როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ვაშინგტონს 21 აპრილს ეწვევა, რათა მინერალების შეთანხმების საკითხზე აშშ-ს ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს შეხვდეს. ამავე დღეს, მემორანდუმის თანახმად, შეთანხმების პირობების შესახებ მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა გაიმართება. 

ტექსტის მიხედვით, ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობა 26 აპრილისთვის უნდა დასრულდეს, ხოლო ამის შემდეგ შეთანხმებას ხელი მალევე უნდა მოეწეროს. 

ამასთან, მემორანდუმში ხაზგასმულია, რომ აშშ უკრაინის ევროინტეგრაციის ძალისხმევასა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან არსებულ ობლიგაციებს პატივს სცემს, ხოლო ვაშინგტონთან მინერალების შეთანხმება კიევის ევროატლანტიკურ გზაზე დაბრკოლებას არ წარმოადგენს. 

მემორანდუმი ასევე ცნობს უკრაინის მიერ, მსოფლიოს სიდიდით მესამე ბირთვული არსენალის ნებაყოფლობით დათმობის გზით, წარსულში გაღებულ წვლილს გლობალური უსაფრთხოებისთვის. 

დოკუმენტში ამჯერად არაფერია ნახსენები კიევისთვის აშშ-ს პოტენციური უსაფრთხოების გარანტიების შექმნის შესახებ. 

მემორანდუმს ხელს უკრაინის პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე და ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო და აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აწერენ. 

"გვინდა სიხარულით შეგატყობინოთ, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც მხარეების განზრახვას ადასტურებს და გზას უხსნის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებასა და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნას.

ამასთანავე, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თავად შეთანხმებაზე. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა არსებული ტემპი და მიღწეული პროგრესი გვაძლევს საფუძველს გვქონდეს მოლოდინი, რომ ეს დოკუმენტი საკმაოდ სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის.

იმედს ვიტოვებთ, რომ ფონდი გახდება ეფექტიანი მექანიზმი ჩვენი ქვეყნის აღდგენის პროცესში ინვესტიციების მოსაზიდად, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის, ბიზნესის მხარდაჭერისა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შესაქმნელად" - წერდა სვირიდენკო X-ზე 17 აპრილის მემორანდუმის შესახებ. 

ცნობისთვის, მხარეების მიერ მემორანდუმზე ხელის მოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონისთან ერთად თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ კონფერენციაზე, რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ მინერალების შესახებ შეთანხმებას უკრაინული და ამერიკული მხარეები ხელს ხუთშაბათს, 24 აპრილს მოაწერდნენ. 

კომენტარები