აშშ-ში, ფლორიდის შტატის უნივერსიტეტში, სავარაუდოდ, შერიფის მოადგილის შვილმა მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი მოკლა და, სულ მცირე, 6 ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაშავებული 6 პირისგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სამართალდამცავების ვარაუდით, შეიარაღებული ახალგაზრდა, ლეონის ოლქის შერიფის მოადგილის შვილი, მარტო მოქმედებდა. თავდასხმის მოტივიც ჯერჯერობით უცნობია.
სროლა უნივერსიტეტის კამპუსში, სტუდენტური გაერთიანების შენობასთან ადგილობრივი დროით 11:50 საათზე დაიწყო. მთავარ კამპუსში ლექცია-სემინარებს 42 000-ზე მეტი სტუდენტი ესწრება.
შემთხვევის ადგილზე პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა. ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანილი.
ეჭვმიტანილს, პოლიციის ცნობით, ხელი მიუწვდებოდა დედამისის, შერიფის მოადგილის, მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღზე, რომელიც ადრე ქალის სამსახურებრივი იარაღი იყო. ქალმა იარაღი განყოფილებაში იყიდა, რის შემდეგაც ის მისი პერსონალური იარაღი გახდა.
"სამწუხაროდ, მის ვაჟს ხელი მიუწვდებოდა მის ერთ-ერთ იარაღზე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იქნა აღმოჩენილი". - თქვა ლეონის ოლქის შერიფმა უოლტერ მაკნილმა პრესკონფერენციაზე.
20 წლის ეჭვმიტანილი, ფენიქს იკნერი, ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც შტატის დედაქალაქ ტალაჰასიში მდებარეობს. ის ორი პირი, რომელიც თავდასხმის შედეგად დაიღუპა, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული უნივერსიტეტების სტუდენტები არ იყვნენ.
პოლიციის ოფიცრებმა თავდამსხმელს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც იკნერი მათ ბრძანებებს არ დაემორჩილა. 6 დაჭრილი პირი და თავად თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, პოლიცია ფიქრობს, რომ ეჭვმიტანილმა კამპუსის ტერიტორიაზე კიდევ ერთი, სანადირო თოფი შეიტანა. ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენა თუ არა თავდამსხმელმა აღნიშნული თოფი.