მოსკოვის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ გენშტაბის მეთაურის ყოფილ მოადგილეს, ვადიმ შამარინს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაში ედება.
ამას გარდა შამარინს გენერალ-ლეიტენანტის წოდება ჩამოართვეს და სამთავრობო თანამდებობის დაკავება 7 წლით აუკრძალეს. ჩამოართვეს დაახლოებით 36 მილიონი რუბლის ღირებულების საკუთრებაც.
შამარინის ადვოკატის თქმით, განაჩენს არ გაასაჩივრებენ.
შამარინი 2024 წლის მაისში დააკავეს. მისი ადვოკატი ამბობდა, რომ ამავე თვეში მან გენშტაბის მეთაურის მოადგილის თანამდებობა დატოვა, თუმცა მაშინ აღინიშნა, რომ გენერალი არ გაუთავისუფლებიათ, არამედ შტატიდან ამოიღეს.
გამოძიების ვერსიით, 2016 წლის აპრილიდან 2023 წლამდე შამარინმა პერმში დაფუძნებული სატელეფონო ქარხნის დირექტორისგან და კომპანიის მთავარი მდივნისგან 36 მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამი აიღო. შამარინს ფული გადაუხადეს "რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის სახელმწიფო კონტრაქტების მიხედვით მოწოდებული პროდუქციის რაოდენობის გაზრდისა და ზოგადი მფარველობისთვის". გენერალი ირწმუნებოდა, რომ მან არა 36 მილიონი, არამედ 19 მილიონი რუბლი მიიღო.
რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი წერდა, რომ შამარინმა რამდენჯერმე ითხოვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში გაეგზავნათ.
2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საკადრო წმენდა დაიწყო. მაისში თავდაცვის მინისტრის პოსტი დაკარგა სერგეი შოიგუმ. ის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების დაკავებების ტალღა 2024 წლის აპრილში დაიწყო. დააკავეს რამდენიმე გენერალი, მათ შორის რუსეთის გენშტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის მოადგილე ვადიმ შამარინი და მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილე, ტიმურ ივანოვი. აღძრული საქმეები თაღლითობისა და ქრთამის აღების მუხლებით განიხილებოდა.