რუსეთი-ჩინეთი

ჩინეთი უარს ამბობს რუსეთის ინიციატივაზე, რომ ყაზახეთის გავლით გაზსადენი აშენდეს

REUTERS/Maxim Shemetov

როგორც წერს გამოცემა The Moscow Times, მოსკოვის ინიციატივა, რომელიც რუსული გაზის ყაზახეთის გავლით ტრანსპორტირებას გულისხმობდა პეკინისგან საკმარის მხარდაჭერას ვერ იღებს. გაზის ყაზახეთიდან მიწოდების გეგმა "ციმბირის ძალა 2"-ის გადადებული პროექტის ალტერნატივაა. 

2024 წლის შემოდგომაზე წარდგენილი გეგმის მიხედვით, რუსეთს ყაზახეთის ტერიტორიის გავლით ჩინეთისთვის წელიწადში დაახლოებით 45 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი უნდა მიეწოდებინა. თუმცა, ჩინეთში რუსეთის ელჩმა ჩჟან ჰანხუიმ თქვა, რომ პროექტი მაღალი ხარჯების გამო არ განხორცილდება.

"რუსეთიდან გაზის მიწოდება ყაზახეთის გავლით არარეალურია," - ციტირებს Interfax ჩინეთის ელჩ ჩჟან ჰანხუის, რომელმაც ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან 15 აპრილს ისაუბრა:

"არსებობს მხოლოდ ერთი მილსადენი, რომელიც უკვე მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობს. რუსული გაზის ამ მარშრუტით ტრანსპორტირებისთვის ახალი მილსადენის აშენება იქნება საჭირო. ეს კი ძალიან ძვირი ჯდება. რუსული მხარე ამ ვარიანტს შეისწავლის, მაგრამ ეს არ არის რეალისტური. ფაქტობრივად, შეუძლებელია," - თქვა მან

რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა ეს იდეა პირველად 2024 წლის ნოემბერში წამოაყენა მას შემდეგ, რაც "ციმბირის ძალა 2"-ის პროექტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჩაიშალა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ციმბირის ძალა 2"-ის პროექტი თავდაპირველად 2022 წელს შესთავაზა ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგს. ამ პროექტის მიზანი იყო ჩინეთის მხრიდან რუსული გაზის წლიური შესყიდვების 100 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპის ბაზრის დაკარგვის კომპენსაციის ერთ-ერთ გზად განიხილებოდა.

როგორც წერს Financial Times, მთავარი დაბრკოლება ფასთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა - ჩინეთმა მოითხოვა, რომ რუსეთს გაზი მიეწოდებინა იმავე ტარიფით, რასაც შიდა ბაზარზე აწესებს, დაახლოებით 60 დოლარი 1,000 კუბურ მეტრში. ეს დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებია იმ ფასზე, რასაც ჩინეთი ამჟამად "ციმბირის ძალა 1"-ის შეთანხმებით იხდის, კერძოდ 260 დოლარი 1,000 კუბურ მეტრში.

კომენტარები