16 აპრილს ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქალის იურიდიული განმარტება ბიოლოგიურ სქესს უკავშირდება.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის კანონში "თანასწორობის შესახებ" ტერმინები "ქალი" და "სქესი" ბიოლოგიურ ქალსა და ბიოლოგიურ სქესს უკავშირდება.
უზენაესი სასამართლოს ხუთივე მოსამართლემ ერთხმად გადაწყვიტა, რომ კანონის მიხედვით ტერმინი "ქალი" არ მოიცავს ტრანსგენდერ ქალებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ გენდერის აღიარების მოწმობა (GRC).
სამართლებრივი დავა ჯგუფმა For Women Scotland-მა შოტლანდიის მთავრობის მიერ გაცემული ინსტრუქციის წინააღმდეგ წამოიწყო, რომელიც საჯარო სექტორში ქალების რაოდენობის ზრდას ისახავდა მიზნად.
დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ გენდერის აღიარების მოწმობის მქონე ტრანსგენდერი ქალი კანონის მიხედვით ქალად ითვლებოდა.
FWS-მა შოტლანდიის სასამართლოებში საქმე წააგო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ "მოიტანა სიცხადე და ნდობა" როგორც ქალებისთვის, ისე მათთვის, ვინც ქალთა საავადმყოფოებს, სპორტულ კლუბებსა და ქალთა თავშესაფრებს მართავენ.
"ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს მხოლოდ ბიოლოგიურ სქესზე დაფუძნებული ერთსქესიანი სივრცეების დაცვას. ეს სივრცეები დაცულია კანონით და ასე იქნება მომავალშიც". - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სპიკერმა.
ამ გადაწყვეტილებით შოტლანდიის მთავრობა ვეღარ შეძლებს ქალებისთვის განკუთვნილ თანამდებობებზე ტრანსგენდერი ქალების დანიშვნას.
"შოტლანდიის მთავრობა იღებს უზენაესი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. ჩვენი ქმედებების საფუძველი ყველა ადამიანის უფლების დაცვა იქნება". - დაწერა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ჯონ სვინიმ, სოციალურ ქსელში.
მოსამართლე პატრიკ ჰოჯის თქმით, კანონი "თანასწორობის შესახებ" ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მისი მუხლები დაბადების დროს განსაზღვრულ და არა შეძენილ სქესს ეხება.
"თუ სქესი მოწმობის მიხედვით განისაზღვრება, ეს ეწინააღმდეგება ქალისა და კაცის განმარტებას კანონის ფარგლებში". - აღნიშნა მოსამართლემ.
"უზენაესმა სასამართლომ აღიარა რეალობა, რომ კანონის მიერ დაცული სქესი – მამრობითი და მდედრობითი – ბიოლოგიურ რეალობას და არა ბიუროკრატიულ დოკუმენტებს ემყარება". - თქვა აქტივისტმა მაია ფორესტერმა, რომელიც აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდა.
მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ გადაწყვეტილება არ უნდა აღიქვას როგორც ერთ ჯგუფზე გამარჯვება მეორეზე რომ ტრანსგენდერ პირებს 2010 წლის კანონი დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან მაინც დაიცავს.





