დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, შეცდომით დეპორტირებული კაცის დაბრუნება არ ევალებათ

REUTERS

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იურისტებმა 13 აპრილს განაცხადეს, რომ მათ არ ეკისრებათ ვალდებულება სალვადორში შემთხვევით დეპორტირებულ მერილენდის შტატის მაცხოვრებელს აშშ-ში დაბრუნებაში დაეხმარონ.

მათი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოთხოვნა, კილმარ აბრეგო გარსიას დაბრუნებისთვის ხელი შეეწყოთ, მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აშშ-ში დასაბრუნებლად შიდა ბარიერები არ შეხვედროდა. ადმინისტრაციის მტკიცებით, მათ გარსიას სალვადორიდან უშუალოდ დაბრუნება არ ევალებათ.

მოსამართლე პაულა ქსინისმა, რომელიც აბრეგო გარსიას საქმეს ხელმძღვანელობს, ტრამპის ადმინისტრაციისგან გარსიას დაბრუნების მცდელობების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური განახლება დაავალა. 

12 აპრილს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გარსია "ცოცხალია და ის სალვადორში, ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისთვის განკუთვნილ ციხეში უსაფრთხოდაა მოთავსებული".

ცნობისთვის, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 14 აპრილს თეთრ სახლში სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს უმასპინძლებს. 

ტრამპის ადმინისტრაციის იურისტებმა 13 აპრილს მოსამართლე ქსინისს სთხოვეს უარი ეთქვა გარსიას დასაბრუნებლად მთავრობის ძალისხმევის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნაზე. 

მათი თქმით, მსგავსმა ინფორმაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით აშშ-ში ბუკელეს ვიზიტის კონტექსტში.

მანამდე, 10 აპრილს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ, 9-0-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილებით, უარყო ტრამპის ადმინისტრაციის სასწრაფო სარჩელი და დაავალა მას, დააბრუნოს მერილენდის შტატიდან შეცდომით სალვადორის ციხეში დეპორტირებული კაცი.

სასამართლომ გადაწყვეტილება სალვადორის მოქალაქის, კილმარ აბრეგო გარსიას, საქმეზე გამოიტანა, რომელსაც საიმიგრაციო სასამართლოს ორდერი ჰქონდა, რაც მის სამშობლოში დეპორტაციას კრძალავდა იმ შიშით, რომ ადგილობრივი ბანდებისგან მის წინააღმდეგ დევნის საშიშროება არსებობდა.

აშშ-ს რაიონულმა მოსამართლემ ახლა უკვე სალვადორის ცნობილ ციხეში მყოფი აბრეგო გარსიას აშშ-ში დაბრუნება 7 აპრილს ღამით ბრძანა. უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

"განკარგულება სათანადო წესით ავალდებულებს მთავრობას, "ხელი შეუწყოს" სალვადორში აბრეგო გარსიის პატიმრობიდან გამოშვებას და უზრუნველყოს, რომ მისი საქმე ისე განიხილონ, როგორც ეს მოხდებოდა რომ არა სალვადორში მისი შეცდომით გაგზავნა". - წერია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

კომენტარები