ფინანსური დანაშაული

შსს: აჭარაში უკრაინის მოქალაქეები გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში უკრაინის მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული მ.ზ და 1987 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი შ.ყ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, უკრაინის მოქალაქეს 1994 წელს დაბადებულ მ.ჰ. -ს, უკრაინაში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გასამართ სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებული პირების სასარგებლოდ 180 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულები მ.ჰ. - ს მისი და მისი მეუღლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების განმახორციელებელი პირების ვინაობა დაადგინეს. პოლიციამ შ.ყ. ბათუმში, ხოლო მ.ზ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საქართველოს დატოვების მცდელობისას დააკავეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 150-ე მუხლების მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები