ფოტოჟურნალისტური კონკურსი, World Press Photo იტყობინება, რომ რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ფოტოგრაფი, მიხაილ ტერეშენკო, რომელმაც კონკურსში საქართველოში რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფოტოებით გაიმარჯვა, ამსტერდამში დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვეული აღარ არის.
ორგანიზაცია გადაწყვეტილებას "ევროპის კონტინენტზე გაზრდილი დაძაბულობით" ხსნის.
"ევროპის კონტინენტზე გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, ამ ეტაპზე აღარ შეგვიძლია, რომ რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ორგანიზაციიდან სტუმარს ვუმასპინძლოთ. შედეგად, მიხაილ ტერეშენკო ამსტერდამში გამარჯვებულთა პროგრამისა და დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეული აღარ არის". - წერს ორგანიზაცია.
მანამდე, ტერეშენკოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქართველმა ფოტოგრაფებმა World Press Photo-ს ერთობლივი განცხადებით მიმართეს. ფოტოგრაფები აპროტესტებდნენ, რომ რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენელმა საქართველოში რეჟიმის საწინააღმდეგო აქციების ასახვისთვის ჯილდო მოიპოვა.
World Press Photo 1 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ფოტოები ანონიმურად ფასდება და შეფასებისას ჟიურის წევრებმა ფოტოგრაფის ვინაობის შესახებ არ იციან. ორგანიზაციამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ გამარჯვებულები ფოტოების ხარისხითა და World Press Photo-ს კრიტერიუმებით შეირჩა, ხოლო ფოტოების წარწერები გადამოწმებულია.
თუმცა, ორგანიზაციამ ასევე დაწერა, რომ "სახელწმიფოების მიერ კონტროლირებულ სამსახურებში დასაქმებული ფოტოგრაფების ნამუშევრებისთვის მათი წესებისა და პროცედურების გაუმჯობესებას" შეეცდებიან. მათივე თქმით, "ცვალებადი დროებთან და კონტექსტებთან ერთად", მათი "წესები და პროცედურები უნდა ვითარდებოდეს და ადაპტირდებოდეს".
"ამისთვის რჩევას ვთხოვთ ფოტოგრაფებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ ადგილებში, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა, ასევე ფოტოგრაფებს, რომლებიც რეპრესიულ რეჟიმებში მუშაობენ და მათ რთულ სიტუაციებში კარგი საქმის გაკეთებას ცდილობენ". - წერდა ორგანიზაცია.
World Press Photo-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯუმანა ალ-ზეინ ხური გადაწყვეტილების ცვლილების მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წესებისა და პროცედურების ცვლილებაზე იმუშავებდნენ, "თუმცა ისინი ყოველთვის სამართლიანად და გამონაკლისის გარეშე უნდა გამოიყენონ".
ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, რომ დაჯილდოებას ვერ გააუქმებენ, ხოლო წესების გამოყენება თანმიმდევრული უნდა იყოს და პირობით ცვლილებებს არ უნდა ექვემდებარებოდეს.