რუსეთის 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალ-მაიორი ივან პოპოვი, რომელიც თაღლითობის ბრალდებითაა დაკავებული, უკრაინაში მიმდინარე ომში დაბრუნებას შეძლებს. ცნობა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მას ამის უფლება მისცა, მისმა ადვოკატმა გაავრცელა.
"ჩვენ შევიტანეთ შუამდგომლობა გენერალ ივან ივანოვიჩის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გაგზავნისა და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ. თავდაცვის სამინისტრომ შუამდგომლობა მხარი დაუჭირა, გადაწყვეტილებას ორ საათში ველით." - თქვა ადვოკატმა.
როგორც ტელეგრამ არხი Mash-ი წერს, პოპოვი უკრაინაში მიმდინარე ომში მოიერიშე ქვედანაყოფის მეთაურად დაბრუნდება.
ივან პოპოვის დაკავების ფაქტი აღშფოთებას იწვევდა რუსულ სამხედრო და ულტრანაციონალისტურ წრეებში. ულტრამემარჯვენე რუსი ბლოგერები აქტიურად აშუქებდნენ პოპოვის ამბავს და მის საქმეს მედიაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
პოპოვი 58-ე არმიის ხელმძღვანელობიდან 2023 წლის ივლისში გაათავისუფლეს. როგორც თავად სამხედრო ამბობდა, "სიმართლის" ლაპარაკის გამო გაათავისუფლეს, რადგან "უფროსობისთვის გულის მოგებაზე" უარი თქვა და "მკაცრად გაუსვა ხაზი" რუსეთის არმიის პრობლემებს გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან საუბრის დროს.
2024 წლის მაისში პოპოვი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული და თავდაცვითი გამაგრებების შესაქმნელად განკუთვნილი დაახლოებით 100 მილიონი რუბლის ღირებულების 2 000 ტონა ლითონის ნაწარმის გაყიდვა. ამავე წლის ივლისში პოპოვი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, თუმცა, 2025 წლის თებერვალში ის კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. გენერალ-მაიორი საკუთარ ბრალს არ აღიარებს, თუმცა 2024 წლის ოქტომბერში ბრალი აღიარა საქმის მეორე მონაწილემ, ბიზნესმენმა სერგეი მოისეევმა..
2025 წლის მარტში პოპოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს წერილით მიმართა, რომელშიც სთხოვა, მის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეჩერებულიყო და სამხედრო მწყობრში დაებრუნებინა. მაშინ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ წერილის შესახებ პუტინს აცნობეს და დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებდა.





