შინაგან საქმეთა სამინისტრომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო TV პირველის ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი წარუდგინა.
ჯიოშვილს 2000-დან 5000 ლარამდე ოდენობის ჯარიმა ან 60-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
ჯიოშვილი პოლიციის მიერ ოქმის წარდგენის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც პოლიციის ოფიცერი განმარტავს, თუ კონკრეტულად რა Facebook-პოსტის გამო შეუდგინა მას უწყებამ სამართალდარღვევის ოქმი.
შსს-ს წარმომადგენლის თქმით, ჯიოშვილმა 6 აპრილ გამოქვეყნებულ ვიდეოში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟსა და შსს-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"მოქალაქე ლაშა ჯიოშვილმა მიმდინარე წლის 6 აპრილს სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო-რგოლი, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და აღნიშნულ ვიდეოზე დადებული ტექსტი, სადაც თქვენ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებთ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს". - ამბობს პოლიციელი ვიდეოში.
ჯიოშვილის თქმით, მის წინააღმდეგ საქმისწარმოება შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვებთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებას ითვალისწინებს.
ჯიოშვილს აღნიშნულის გამო 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმა ან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
"ადამიანები, რომლებიც კრიმინალს უნდა ებრძოდნენ, სხედან და ჩემს Facebook-სტატუსებს უთვალთვალებენ. მეცინება მართლა, ძალიან სასაცილოები ხართ". - თქვა აღნიშნულთან დაკავშირებით ჯიოშვილმა.
ცნობისთვის, 20 თებერვალს ლაშა ჯიოშვილი რეჟიმის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოიტანა.
18 თებერვლის აქციის დასრულების შემდეგ, სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დააკავა.
გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ მას არაიდენტიფიცირებული პირები მანქანაში სვამდნენ. თვითმხილველებს მათ თავი პოლიციად წარუდგინეს.





