The Sunday Times-ის ინფორმაციით გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებმა ბრიტანეთის წყლებში რუსული სენსორები აღმოაჩინეს, რომლითაც კრემლი ბირთვულ წყალქვეშა ხომალდებს უთვალთვალებდა.
გამოცემა წერს, რომ სამხედრო ძალების მიერ მოპოვებული ინფორმაცია საჯაროდ არ გახმაურებულა, თუმცა მოწყობილობები, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ იყო დამონტაჟებული, რათა ინფორმაცია მოეპოვებინათ Vanguard-ის ტიპის ბრიტანულ წყალქვეშა ნავებზე, რომლებსაც ბირთვული იარაღი გადააქვთ.
The Sunday Times-ის მტკიცებით, სენსორების ნაწილი ნაპირზე გამოირიყა, ხოლო ნაწილი გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალებმა აღმოაჩინეს.
გამოცემასთან საუბარში გაერთიანებული სამეფოს არმიის მაღალი თანამდებობის მოქმედმა პირმა განაცხადა, რომ "ატლანტის ოკეანეში ომი მიმდინარეობს. ეს არის კატისა და თაგვის თამაში, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ არ შეწყვეტილა და ახლა კვლავ აქტიურდება".
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, რუსეთის წყალქვეშა კვლევითი პროგრამის (ГУГИ) მფლობელობაში 6 მცირე ზომის წყალქვეშა ხომალდია, რომლებსაც ფსკერზე გაჩერება, მექანიკური ხელებით კაბელების დაზიანება და ასაფეთქებელი ან მოსასმენი მოწყობილობების განთავსება შეუძლიათ.
გამოცემა სამი მაღალი რანგის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე არსებობდა სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი ოლიგარქები საკუთარ იახტებს ბრიტანეთის გარშემო არსებულ წყლებში სამხედრო დაზვერვისთვის იყენებდნენ.
რამდენიმე იახტას აქვს სპეციალური ღიობი, ე.წ. Moon Pool, რომლის მეშვეობითაც ღრმაწყლოვანი კვლევისთვის საჭირო აღჭურვილობის ფარულად ჩაშვება ან ამოღებაა შესაძლებელი.
ბრიტანეთის ირგვლივ არსებული წყლები უმეტესწილად ევროპული კონტინენტური შელფის ფარგლებშია და იშვიათად აღემატება 300 მეტრის სიღრმეს. გამოცემის თანახმად, ამ ტერიტორიაზე საზღვაო ძალებს მეთვალყურეობის მრავალი საშუალება აქვთ, რათა რუსეთის აქტივობების კონტროლი მოახერხონ.
თუმცა კონტინენტური შელფის შემდეგ არსებული სიღრმეების გაკონტროლების შესაძლებლობა მხოლოდ საზღვაო ძალების ღრმაწყლოვან სადაზვერვო ხომალდ RFA Proteus-ს აქვს.
გამოცემის მტკიცებით, რუსეთს შეუძლია ამოიცნოს, ჩაჭრას ან გაანადგუროს საიდუმლო სამხედრო კაბელები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბრიტანეთის ოპერაციებისთვის მთელ მსოფლიოში. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, "არსებობს კაბელები, რომლებიც საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება და რუსეთს აქვს მათი გაწყვეტის შესაძლებლობა".
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთმა ამ მხრივ წარმატებას მიაღწია.
The Sunday Times წერს, რომ საზღვაო ძალებში გამოწვევებისადმი უფრო აგრესიულ დამოკიდებულებას ფართო მხარდაჭერა აქვს. "წესებით უნდა ვითამაშოთ, თუმცა თუ აქამდე თავაზიანად ვთამაშობდით, ახლა უფრო მტკიცედ ვმოქმედებთ". - აღნიშნა მაღალი თანამდებობის პირმა გამოცემასთან საუბრისას.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა 2027 წლამდე თავდაცვაზე მშპ-ს 2.5%-ის დახარჯვას გეგმავს. სავარაუდოდ, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვას დაეთმობა.
"ჩვენ ვაგრძელებთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაძლიერებას. NATO-სა და გაერთიანებული ექსპედიციური ძალების პარტნიორებთან ერთად, ვზღუდავთ რუსული ხომალდებისა და თვითმფრინავების თავისუფალ მოძრაობას ჩვენი და NATO-ს საზღვრებთან ახლოს.
ვიყენებთ ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს და ვახორციელებთ კოორდინირებულ პატრულირებას. ჩვენი ბირთვული საზღვაო სტრატეგიული განლაგება ოკეანეებს უკვე 56 წელია შეუმჩნევლად პატრულირებს". - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო.