ჯოზეფ ტეიტერის საქმე

მოსკოვის სასამართლომ აშშ-ს მოქალაქე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით გაგზავნა

ჯოზეფ ტეიტერი
Meshchansky District Court Press Service via AP

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე, რომელიც მოსკოვში გასამართლებას ელოდებოდა, იძულებით გაგზავნეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

46 წლის ჯოზეფ ტეიტერი 2024 წლის აგვისტოში დააკავეს, როდესაც მას რუსეთის დედაქალაქის ძვირადღირებული სასტუმროს თანამშრომლებთან დაპირისპირების შემდეგ პოლიციელზე თავდასხმაში დასდეს ბრალი.

რუსული სამთავრობო მედია Tass-ის ცნობით, მოსკოვის სასამართლომ გადაწყვიტა, ტეიტერი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არანებაყოფლობით გაეგზავნათ მას შემდეგ, რაც 15 მარტს მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

Associated Press-ის ინფორმაციით, მოსკოვში აშშ-ს საელჩომ, კონფიდენციალურობის საბაბით, მომხდარზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

პოლიციის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით ტეიტერის სასამართლო პროცესი 14 აპრილს უნდა დაწყებულიყო, რაც მაქსიმუმ ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მიიღო რუსულმა სასამართლომ მისი სამედიცინო მიზეზით დაპატიმრების გადაწყვეტილება. მანამდე Tass წერდა, რომ ტეიტერი მარტის ბოლოს გათავისუფლდა სასამართლომდე პატიმრობიდან. 

სექტემბერში სასამართლო სხდომაზე ტეიტერმა თქვა, რომ იგი რუსეთში პოლიტიკური თავშესაფრის საძებნად ჩავიდა და ამტკიცებდა, რომ მას აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) დევნიდა.

Tass-ის ცნობით, თავის მხრივ, ტეიტერის ადვოკატმა იძულებითი ჰოსპიტალიზაცია გაასაჩივრა და ოფიციალურ პირებს მისი "საზოგადოებისგან იზოლაციის" მცდელობაში დასდო ბრალი.

კომენტარები