კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, ისინი რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების მიერ 8 აპრილს დაგეგმილ აქციას უერთდებიან და ღამეს პარლამენტთან გაათენებენ.
"2 აპრილს რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს და 8 აპრილს პარლამენტთან ღამის გასათევად იკრიბებიან. კოალიცია ცვლილებისთვის მათ ინიციატივას ვუერთდებით - 8 აპრილის ღამიდან პარლამენტთან ვიქნებით და 9 აპრილის ისტორიულ დღეს თანამებრძოლებთან ერთად შევხვდებით.
სინდისის პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს". - წერია კოალიციის განცხადებაში.
რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივი განცხადებით, წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებენ. მათი თქმით, 8 აპრილს პარლამენტთან შეიკრიბებიან და 9 აპრილს დაღუპულთა სულების პატივსაცემად, ღამეს გაათენებენ.
იქამდე, 1-ელ აპრილს, პაატა ბურჭულაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან მოქალაქეებს 8 აპრილს პარლამენტთან შეკრებისკენ და არდაშლისკენ მოუწოდა.





