აშშ-ს ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შეშფოთებას გამოხატავს ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთის მიერ მხარდაჭერილ კომპანიას გადასცეს.
"ჩვენ გვაშფოთებს ცნობები ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონტროლი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს გადასცეს". - წერია კომისიის განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გარიგებაში ჩართული დეველოპერები, მათ შორის China Communications Construction Company, ცნობილია იმით, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მასპინძელი ქვეყნების ექსპლუატაციისა და დესტაბილიზაციისთვის იყენებს.
"ჩინეთის მზარდი გავლენა შავ ზღვაში, რუსეთთან თანამშრომლობით, რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას. ამ გარიგების გაგრძელებით, ქართული ოცნება კიდევ უფრო მეტად დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ კურსსა და ეკონომიკური მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობას". - ნათქვამია განცხადებაში.
კომისია ქართულ ოცნებას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.
განცხადებას ხელს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე ჯო უილსონი, შელდონ უაითჰაუსი, სტივ კოენი, ჯონ კორნინი და მარკ ვისი აწერენ.