საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ხელფასები გაეზრდებათ - "ოცნების" კანონპროექტი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

ქართულმა ოცნებამ დააინიცირა კანონპროექტი - მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ხელფასები ეზრდებათ. 

"აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპია. ამ რეალობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია აკადემიკოსების, აკადემიის წევრკორესპონდენტების და სტიპენდიატების კანონით დადგენილი მინიმალური ანაზღაურების კორექტირება" - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიხედვით:

  1. აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად არანაკლებ 1 600 ლარისა;
  2. აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1 250 ლარის ოდენობით, ნაცვლად არანაკლებ 1 000 ლარისა;
  3. აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1 250 ლარის ოდენობით, ნავლად არანაკლებ 1 000 ლარისა;
  4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ-კორესპონდენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნებათ ყოველთვიური ანაზღაურება შესაბამისად არანაკლებ 2000 და 1250 ლარისა, ნაცვლად არანაკლებ, 1400 ლარისა ნამდვილი წევრისათვის, ხოლო არანაკლებ 900 ლარისა წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატისათვის;

რაც შეეხება, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს ახალი კანონპროექტით, მას სტიპენდია თვეში არანაკლებ 1250 ლარის ოდენობით დაენიშნება.

კანონპროექტის მიხედვით, ხელფასების ზრდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით მოხდება, ხოლო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან.

კანონპროექტს ხელს ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აწერს, რომლის მიხედვითაც, მიღების შემთხვევაში, კანონი 2025 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

კომენტარები