თბილისში, ღრმაღელის მეტროსადგურთან შსს-ს თანამშრომელმა ძაღლს ცეცხლი გაუხსნა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძაღლმა ბავშვს დაუყეფა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ პოლიციის მაიორი "იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან" გაესროლა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ.
პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში - ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა". - უთხრეს ტაბულას შსს-ში.





