საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
"ირაკლი ბებუა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა.
აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული მოლაპარაკებებისა თუ კომუნიკაციის ყველა სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი". - წერია სუს-ის განცხადებაში.
ირაკლი ბებუამ 2020 წლის სექტემბერში აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძიებო სამსახური ამბობდა, რომ ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს.
ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სხვისი ქონების დაზიანებასა და "სახელმწიფო სიმბოლიკის" შეურაცხყოფას ედავებოდა, რის გამოც ბებუა 2020 წლის 7 დეკემბერს ე.წ. სასამართლომ "სისხლის სამართლის დანაშაულში" დამნაშავედ "ცნო" და უკანონოდ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.