წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"სამხრეთ ოსეთისთვის 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოსახლის, რუსი და ოსი მშვიდობისმყოფელების გარდაცვალება მოჰყვა, ათასობით მოქალაქეს ტანჯვა მოუტანა, იყო და რჩება მოუშუშებელ ჭრილობად. ეჭვგარეშეა, რომ სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე, როგორც ოსი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ". – წერია არალეგიტიმური უწყების განცხადებაში.
ცხინვალში მიაჩნიათ, რომ დროსთან ერთად გამოჩნდება, "რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ შეაფასებს ამჟამინდელი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს".
5 თებერვალს ქართულმა ოცნებამ "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია" შექმნა.
კომისია მარტის მიწურულს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ხელახალი დეტალური შესწავლის მიზნით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ყოფილი სამხედრო პირები დაიბარა.
საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკამ მდინარაძემ განაცხადა, რომ "ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა".





