აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა, დაეხურა ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებული 80 წლის საერთაშორისო სამაუწყებლო სერვისი ამერიკის ხმა (Voice of America) და მცდელობას "გადაწყვეტილების თვითნებურად და კაპრიზულად მიღების კლასიკური შემთხვევა" უწოდა.
მოსამართლე ჯეიმს პოლ ოტკენმა დაბლოკა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ამერიკის ხმას ზედამხედველობს, მაუწყებლიდან 1200-ზე მეტი ჟურნალისტის, ინჟინერისა და სხვა მომსახურე პერსონალის გათავისუფლებისგან.
მოსამართლემ ასევე გამოსცა დროებითი შემაკავებელი ორდერი, რომელიც სააგენტოს შეზღუდავს "ნებისმიერი შემდგომი მცდელობისგან, გაათავისუფლოს, შეამციროს ან [ანაზღაურებით თუ ანაზღაურების გარეშე] დროებით დაითხოვოს" მომსახურე პერსონალი ან კონტრაქტორები. ორდერის გამო, სააგენტო დროებით ვერ შეძლებს ოფისების დახურვას ან საზღვარგარეთ მომუშავე თანამშრომლებისგან აშშ-ში დაბრუნების მოთხოვნას.
ამასთან, მოსამართლის ბრძანება გლობალური მედიის სააგენტოს უკრძალავს დაფინანსების შეწყვეტას სხვა სამაუწყებლო სერვისებისთვის, მათ შორის, Radio Free Europe/Radio Liberty, Radio Free Asia და Radio Free Afghanistan. სააგენტომ 27 მარტს განაცხადა, რომ აღადგენდა Radio Free Europe-ის დაფინანსებას მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის მოსამართლემ შესაბამისი ბრძანება გამოსცა.
ოტკენმა გადაწყვეტილება ამერიკის ხმის ჟურნალისტების, პროფკავშირებისა და არაკომერციული ჟურნალისტური ადვოკატირების ორგანიზაციის, Reporters Without Borders-ის საჩივრის საფუძველზე მიიღო. აღნიშნულმა ჯგუფებმა სასამართლოში სარჩელი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გასულ კვირაში შეიტანეს, რათა მაუწყებლიდან თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლებები თავიდან ყოფილიყო არიდებული. მოსარჩელეების საბოლოო მიზანი ამერიკის ხმისთვის ტელევიზიაში მაუწყებლობის დაბრუნებაა.
სარჩელის მიხედვით, ამერიკის ხმის თანამშრომლებს 15 მარტს უთხრეს, რომ ლაივ-რეჟიმში მაუწყებლობა უნდა შეეწყვიტათ და შენობა დაეტოვებინათ. ცოტა ხნის შემდეგ, სარჩელის მიხედვით, თანამშრომლებმა სააგენტოს კომპიუტერულ სისტემებთან წვდომა დაკარგეს, მათ შორის, ელექტრონულ მეილთან. ამერიკის ხმის ვებსაიტი აღნიშნულის შემდეგ აღარ განახლებულა.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტს თეთრმა სახლმა ამერიკის ხმის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განცხადებას "რომელიც უზრუნველყოფს, რომ გადამხდელთა ფული აღარ დაიხარჯოს რადიკალური პროპაგანდის დაფინანსებაში".
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩამოთვლილია ამერიკის ხმის მიმართ უკანასკნელ წლებში გამოთქმული პრეტენზიები, მათ შორის, მოყვანილია სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან შეგროვილი ციტატები, რომლებიც VOA-ს ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ VOA-ში 34 წლის განმავლობაში მომუშავე ჟურნალისტმა და მისმა ყოფილმა თეთრი სახლის კორესპოდნენტმა გასულ წელს დაწერეს, რომ სააგენტო უკონტროლო ორგანიზაციად გადაიქცა, "რომელიც ხშირად გამოხატავს მემარცხენე მიკერძოებულობას და ცდილობს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას როგორც ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევებზე, ისე მენეჯმენტის პრობლემებზე":
"სააგენტოს ბიუროკრატიის საქმიანობას მის ბევრ რეპორტიორთან ერთად ვაკვირდებოდი და დავასკვენი, რომ იგი ფაქტობრივად გადაიქცა უკონტროლო ორგანიზაციად, რომელიც ხშირად გამოხატავს მემარცხენე მიკერძოებულობას და ემთხვევა პარტიული მედიის ხაზს. სააგენტო ცდილობს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, როგორც ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევებზე, ისე მენეჯმენტის პრობლემებზე". - მოყვანილია დენ რობინსონის ციტატა.
ამასთან, განცხადების თანახმად, VOA-ს ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს უთხრა, რომ ჰამასისა და მისი წევრების ტერორისტებად მოხსენიება დაუშვებელია, გარდა განცხადებების ციტირებისა.
გარდა ამისა, Daily Caller-ის ცნობით, ბევრმა VOA-ს რეპორტიორმა სოციალური ქსელების თავიანთ ოფიციალურ გვერდებზე არაერთხელ გამოაქვეყნა ტრამპის საწინააღმდეგო კონტენტი, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს სოციალური მედიის პოლიტიკა თანამშრომლებისგან მიუკერძოებლობას მოითხოვს.
ასევე, თეთრი სახლის ცნობით, კონგრესმენმა სკოტ პერიმ 2022 წელს წერილში აღნიშნა, რომ Voice of America ბოლო წლებში ზედმეტად მიკერძოებული გახდა. 2016 წლის პერსონალის მენეჯმენტის ოფისის ანგარიშის მიხედვით, რომელიც კონგრესმენმა პერიმ მოიხსენია, Voice of America-ს სპარსული სამსახურის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ "სააგენტო უშვებდა პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის ზეწოლას".
ამასთან, 2019 წლის სექტემბერში Daily Caller-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ VOA-მ სამსახურში რუსი, ანტიამერიკელი პროპაგანდისტი აიყვანა.
განცხადებაში ასევე მოყვანილია 2022 წლის სასამართლოს სარჩელი, რომლის მიხედვითდაც, VOA-ში "ანტიამერიკულმა და პრო-ისლამური სახელმწიფოს ინტერესებმა შეაღწიეს, რის შედეგადაც VOA-ს გზავნილი დამახინჯდა და ირანში ისლამური სახელმწიფოს ფრაქციების მიმართ მიკერძოებული გახდა".
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.
სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:
- მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
- აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
- ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
- სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
- აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
- თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
- უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.
ცნობისთვის, აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia).





