უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის პერსპექტივის ირგვლივ ბევრი კითხვა და ცოტა პასუხი არსებობს.
ამის შესახებ ზელენსკიმ პარიზის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, არსებობს თუ არა ამ ეტაპზე გარკვეული წარმოდგენა, რომელი ქვეყნები არიან მზად უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნისთვის.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამჟამად საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და სხვა ლიდერებთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა "მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ინფრასტრუქტურას უკრაინისთვის".
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი თავად უკრაინის არმიაა - საუბარია შეიარაღებული ძალების დაფინანსებასა და გაძლიერებაზე.
"ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, და სწორედ ამ საკითხს უსვამს ხაზს ყველა ქვეყანა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, გვკარნახობდეს უკრაინის არმიის სიდიდეს, არც ახლა და არც მომავალში. ისინი შეიძლება რაღაცაზე საუბრობდნენ თავიანთ ქვეყანაში - ეს არ გვაინტერესებს. მაგრამ უკრაინის თავდაცვის წესების განსაზღვრა მათ არ შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მათ არ ჰქონდეთ მხარდაჭერა. ევროპის უმეტეს ქვეყნებში ვხედავთ, რომ ისინი ამ მხარდაჭერას ვერ იღებენ. ყოველ შემთხვევაში, ის მთლიანი კოალიცია, რომელიც დღეს შეიკრიბა, ერთსულოვნად უჭერს მხარს იმას, რომ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს ძლიერი არმია - ისეთი, როგორიც დღეს რუსეთის შემოსევას უპირისპირდება" - თქვა ზელენსკიმ.
მან დაამატა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, მსგავსი დამოკიდებულება არსებობდეს შეერთებულ შტატებშიც.
გარდა ამისა, უკრაინაში საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი სამხედრო დელეგაციის გაგზავნის საკითხზე საუბრისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქვეყანა შეუერთდეს ამ პროცესს.
"ეს კონტინგენტსაც ეხება. არსებობს მრავალი წინადადება ლიდერებისგან — და მათი რაოდენობა იზრდება. იზრდება იმ ქვეყნების რიცხვიც, რომლებიც მზად არიან გარკვეული ფორმით მხარი დაუჭირონ უკრაინას: ზოგი — ჰაერში, ზოგი — ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, ზოგი კი პირდაპირ — სამხედროების გაგზავნით უკრაინაში, ზოგი — ზღვაზე. არიან ისეთებიც, ვინც მზად არიან მისცენ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ კონტინგენტი არ გაგზავნონ — ასეთიც სულ უფრო მეტია. და ეს კარგი სიახლეა" — აღნიშნა ზელენსკიმ.
ამავე დროს, ზელენსკის თქმით, კონტინგენტის დეტალებთან, რა სახის ქმედებებს განახორციელებს, რა პასუხისმგებლობა ექნება და ვინ უხელმძღვანელებს მას, კვლავ ბევრ კითხვას არსებობს, თუმცა ცოტა პასუხია.





