თბილისის მერია

ჩამონგრეული შენობა კერძო საკუთრებაა - მერიის წარმომადგენელი მთაწმინდაზე დაღუპულზე

მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად, რამდენიმე დღის წინ, 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, სერგო ბირკაძემ განაცხადა, რომ ტერიტორია არ კერძო საკუთრებაა და მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის. მისი თქმით, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით, მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ნორმები.

"პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო ფაქტია და რა თქმა უნდა, ამ ოჯახს უნდა მივუსამძიმროთ.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ტერიტორიას, ეს ტერიტორია არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ეს კერძო საკუთრებაა. კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით, კერძო მესაკუთრეა ვალდებული დაიცვას უსაფრთხოების ნორმები.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ჩვენ მაქსიმალურად ყოველთვის ვცდილობთ, რომ მუნიციპალური ტერიტორიები დაცული იყოს და ნაკლებად იყოს გამომწვევი რაიმე ინციდენტების". - განაცხადა სერგო ბირკაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

ცნობისთვის, 29 იანვარს ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიყის პარკში მოზარდი ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. მალევე, განცხადება გამოაქვეყნა თბილისის მერიამ, სადაც მათ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს და დაწერეს, რომ შემთხვევა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით, მსგავსი განცხადება გააკეთა თბილსის მერმა, კახა კალაძემაც. 30 იანვარს, კალაძემ თქვა, რომ "ეს საშინელი ფაქტი მოხდა ე.წ. რიყის დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება და იყო დაკეტილი".

კომენტარები