სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება. ამის შესახებ ფაშინიანი Facebook-ზე წერს.
"მე მზად ვარ ხელი მოვაწერო შეთანხმების პროექტს". - წერს სომხეთის პრემიერი.
13 მარტს, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ორი პირობა მიიღო, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტის დამადასტურებელი განცხადება გაავრცელა.
"სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური გზებით აცნობა, რომ სომხეთი იღებს აზერბაიჯანის წინადადებებს, რომლებიც ეხება "სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების" სამუშაო ვერსიის ორ შეუთანხმებელ პუნქტს და შესთავაზა [აზერბაიჯანს] ერთობლივი განცხადების გაკეთება, რომელიც დაადასტურებს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტსა და სამუშაო ვერსიაზე მოლაპარაკებების დასრულებას.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ "სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების" სამუშაო ვერსიაზე თანხმობა მიღწეულია და რომ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულებულია.
შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზადაა. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დროსა და ლოკაციაზე." - ნათქვამია განცხადებაში.





