სომხეთი-აზებაიჯანი

რუბიო სომხეთის და აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ეს არის შესაძლებლობა გადაშალონ ახალი ფურცელი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებას გამოეხმაურა.

"ამერიკის შეერთებული შტატები აქებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ისტორიული სამშვიდობო  მოლაპარაკებების დასრულებისთვის. ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის, გადაშალონ ახალი ფურცელი ათწლეულების კონფლიქტზე, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად უფრო მშვიდობიანი სამყაროსთვის". - წერია განცხადებაში.

რუბიოს თქმით, ახლა მშვიდობისკენ სწრაფვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და რატიფიკაციის დროა

"სამხრეთ კავკასიის ხალხისთვის კეთილდღეობის ახალი ეპოქის დაწყების დროა". - აცხადებს რუბიო.

13 მარტს, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ორი პირობა მიიღო, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტის დამადასტურებელი განცხადება გაავრცელა.

"სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური გზებით აცნობა, რომ სომხეთი იღებს აზერბაიჯანის წინადადებებს, რომლებიც ეხება "სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების" სამუშაო ვერსიის ორ შეუთანხმებელ პუნქტს და შესთავაზა [აზერბაიჯანს] ერთობლივი განცხადების გაკეთება, რომელიც დაადასტურებს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტსა და სამუშაო ვერსიაზე მოლაპარაკებების დასრულებას. 

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ "სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების" სამუშაო ვერსიაზე თანხმობა მიღწეულია და რომ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულებულია.

შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზადაა. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დროსა და ლოკაციაზე." - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები