ტრამპის ადმინისტრაცია

მოსამართლის გადაწყვეტილებით, DOGE-ს მიერ USAID-ის დახურვის მცდელობა სავარაუდოდ არაკონსტიტუციურია

აქციის მონაწილეები აშშ-ს კაპიტოლიუმთან USAID-ის მხარდასაჭერად დემონსტრაციას მართავენ, 5 თებერვალი, 2025
Nathan Posner/Anadolu/Getty Images

აშშ-ს ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა (DOGE), რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, USAID-ის დახურვისკენ ნაბიჯები გადადგა, რაც სავარაუდოდ არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ USAID-ს მისი წესდებით გათვალისწინებული ზოგი ფუნქციის შესრულება აღარ შეუძლია, მასკს კი სააგენტოს დახურვის შესახებ განცხადებები გაუკეთებია. მოსამართლე მიუთითებს მასკის პოსტზე, რომელშიც წერია, რომ მან "USAID ხის საჭრელში გაატარა". 

"ერთად აღებული, ეს ფაქტები ამყარებს დასკვნას, რომ USAID ფაქტობრივად დაიხურა". - წერია მოსამართლის, თეოდორ ჩუანგის გადაწყვეტილებაში.

ჩუანგის წინასწარ ბრძანება DOGE-ს USAID-ის მიმართ სააგენტოს ნებართვის გარეშე ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმასა და სააგენტოს დახურვისთვის გადაწყვეტილებების მიღებას უკრძალავს. წინასწარი ბრძანება დეპარტამენტს უკრძალავს USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლებას ან ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვებას, სააგენტოს შენობების დახურვას ან საინფორმაციო სისტემების გაუქმებას.

გარდა ამისა, წინასწარი ბრძანებაში ასევე წერია, რომ DOGE-მ ყველა თანამშრომელს ელექტრონულ სისტემებზე წვდომა უნდა აღუდგინოს.

ბრძანებით გათვალისწინებული შეზღუდვები უკვე გათავისუფლებულ თანამშრომლებს არ ეხება.

კალიფორნიისა და მერილენდის ფედერალურმა მოსამართლეებმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გამოსაცდელი ვადით დასაქმებული ათასობით ფედერალური თანამშრომლისთვის სამუშაო კონტრაქტების აღდგენა დაავალეს. გადაწყვეტილება, მათ შორის, USAID-ზეც ვრცელდება. 


დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, გაპრეზიდენტების პირველ დღესვე, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების 90 დღის ვადით შეჩერებას გულისხმობდა. ბრძანების საფუძველზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა არსებული და ახალი საგარეო დახმარების პროგრამა შეაჩერა.

თებერვლის დასაწყისში ტრამპმა სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ხოლო რუბიომ გაიმეორა ტრამპის ადმინისტრაციის პირობა, რომ  USAID-ის ფუნქციები თანხვედრაში უნდა იყოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან.

5 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ USAID-ის პირდაპირი წესით დასაქმებული ყოველი პირი ანაზღაურებად შვებულებაში გავა, ხოლო უცხოეთში მომუშავე თანამშრომლებს აშშ-ში დააბრუნებენ.

ამასთანავე, გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გვატემალაში აშშ-ს საელჩოში შეხვედრისას, რომელსაც ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, მარკო რუბიომ USAID-ის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საგარეო დახმარება "მთავრობის ყველაზე არაპოპულარული დანახარჯი იყო" და რომ ამ მიმართულების დაცვა მისთვის სულ უფრო რთულია.

სააგენტოს თანამშრომლებთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები არ ტოვებს საგარეო დახმარების პროგრამებს, თუმცა ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომელთა აუცილებლობის ახსნა და დაცვაც შესაძლებელი იქნება. რუბიოს თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარეო დახმარებას "საფრთხე ექმნება".

კომენტარები