თურქეთი

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი, ეკრემ იმამოღლუ დააკავა

სტამბოლის მერი, ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას სტამბოლის პროკურატურაზე დაყრდნობით, თურქეთის სახელმწიფო მაუწყებელი, TRT ავრცელებს.

სამთავრობო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, დაკავების ორდერები დაახლოებით 100 სხვა პირისთვისაც გაიცა.

"მწუხარებით ვაცხადებ, რომ მათ, ვინც ხალხის ნების მოპარვას ცდილობს, ძვირფასი პოლიციელები და უსაფრთხოების ძალები ამ უსამართლო ქმედებებში ჩართო". - თქვა იმამოღლუმ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ ვიდეოში.

"ასობით პოლიციელი გამოიგზავნეს ჩემი სახლის კართან, სახლის, რომელიც სტამბოლის 16 მილიონ მაცხოვრებელს ეკუთვნის". - აღნიშნა სტამბოლის მერმა.

მთავარი ოპოზიციური ძალის, თურქეთის სახალხო რეპუბლიკური პარტიის ლიდერის, ოზგიურ ოზელის თქმით, "ეს ნაბიჯი არის გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ".

"ხალხის სახელით გადაწყვეტილებების მიღება, ძალის გამოყენებით ხალხის ნების შეცვლა, ამჟამად არსებობს ძალა, რომელიც ცდილობს ხალხს არ მისცეს უფლება აირჩიოს მომავალი პრეზიდენტი". - განაცხადა ოზელმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

იმამოღლუს დაკავების შემდეგ, სტამბოლის გუბერნატორმა ქალაქში დემონსტრაციების გამართვის უფლება "საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად" 23 მარტამდე შეაჩერა.

ინტერნეტ მონიტორინგის ჯგუფის, NetBlocks-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდულია X-ის, YouTube-ის, Instagram-ისა და TikTok-ის წვდომა.

მანამდე, 18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

"სტამბოლის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოა". - განაცხადა იმამოღლუმ.

მისი თქმით,  "ახლოვდება დღე, როცა ამ გადაწყვეტილების მიმღები პირები ისტორიისა და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს".

იმამოღლუ სტამბოლის მერად 2019 წელს აირჩიეს, ხოლო 2024 წელს ეს პოსტი ხელახლა დაიკავა. 

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2028 წელს არის დანიშნული. უახლოეს დღეებში თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია პრაიმერიზისთვის ემზადებოდა, სადაც იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა აერჩიათ. 

კომენტარები