მკვლელობა ჭავჭავაძეზე

ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება - POG

ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებული კადრები
ფოტო: სქრინი ტელეკომპანია ფორმულადან

საქართველოს პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 14 მარტს, 23:30 საათზე მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენჯერმე ესროლა ლ.ჯ.-სა და გ.ჩ.-ს, რის შედეგადაც ჯანგველაძე ადგილზე დაიღუპა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლ.ჯ.-ს და გ.ჩ.-ს. სროლის დროს ასევე, სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნა იქვე მყოფ სხვა მოქალაქეებს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ლ.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა." - წერს პროკურატურა.

მათივე ცნობით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის "ბ" და "ლ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც 16 დან 20 წლამდე პატიმრობას ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - წერია განცხადებაში.

ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გელა უძილაური დააკავეს.

კომენტარები