ტრამპის ადმინისტრაცია

"ვიზა პრივილეგიაა და არა - უფლება" – აშშ-დან ნასრალას მხარდამჭერი ლიბანელი ექიმი გააძევეს

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა 17 მარტს განაცხადა, რომ ვიზის ფლობის მიუხედავად, აშშ-დან დეპორტაცია მოუწყვეს ლიბანელ ექიმს, რომელიც "ღიად უჭერდა მხარს" ლიბანური ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას გარდაცვლილ ლიდერს, ჰასან ნასრალას და ლიბანში მის დაკრძალვასაც დაესწრო. 

"ვიზა პრივილეგიაა და არა უფლება - ტერორისტების განდიდება და მხარდაჭერა, რომლებიც ამერიკელებს ხოცავენ, ვიზის გაცემის უარყოფის საფუძველია. ეს არის საღი აზრით [მიღწეული] უსაფრთხოება". - წერია ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში

დეპარტამენტის პოსტი X-ზე აშშ-ს თეთრმა სახლმა გააზიარა ტექსტით: "Bye-bye, Rasha" (მშვიდობით, რაშა), ხოლო მორიგ პოსტში თეთრი სახლის X-ის ანგარიში ალავიეს დეპორტაციას ტრამპის სურათით გამოეხმაურა. 

34 წლის რაშა ალავიე როუდ აილენდში ცხოვრობდა და ამავე შტატში თირკმლის გადანერგვის სპეციალისტად ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა. Associated Press-ის ინფორმაციით, მას ბრაუნის უნივერსიტეტში მედიცინის ასისტენტ-პროფესორად უნდა დაეწყო მუშაობა. 

გამოცემის ცნობით, ალავიე ბოსტონის ლოგანის საერთაშორისო აეროპორტში 13 მარტს დააკავეს, როდესაც იგი ლიბანიდან აშშ-ში ბრუნდებოდა. ლიბანში ალავიე გარკვეული დროით ოჯახის სანახავად იყო ჩასული. 

დაკავების შემდეგ აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ოფიცრებმა მისი ტელეფონი გაჩხრიკეს და ჰეზბოლას მაღალჩინოსნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა იპოვეს, მათ შორის, ჰეზბოლას გარდაცვლილი ლიდერის, ჰასან ნასრალას დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი მასალა, რომელსაც ალავიე ესწრებოდა. 

ალავიეს დაკითხვის ტრანსკრიპტში, რომელზე წვდომაც Reuters-მა მოიპოვა, ქალი ოფიცრებს ეუბნება, რომ ჰეზბოლას მხარდამჭერი არ არის, თუმცა ჰასან ნასრალას, საკუთარი რელიგიის გამო, დიდ პატივს სცემს. 

"მე პოლიტიკური ადამიანი არ ვარ. მე ექიმი ვარ. ეს უმეტესად რწმენას ეხება". - Reuters-ის ცნობით, თქვა ალავიემ დაკითხვაზე. 

ოფიცრებმა ალავიეს მისი H-1B ტიპის ვიზა ჩამოართვეს და მისი დეპორტაციის პროცედურა დაიწყეს. დაკავებული ქალის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რათა ალავიე აშშ-დან არ გაეძევებინათ. ფედერალურმა მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ შესაბამის უწყებებს დეპორტაციამდე ალავიესთვის 48 საათი უნდა მიეცათ. 

მიუხედავად მოსამართლის გადაწყვეტილებისა, საზღვრის დაცვის ოფიცრებმა ალავიეს ლიბანში დეპორტაცია 48-საათიანი გაფრთხილების გაცემამდე, 14 მარტს მოუწყვეს. აღნიშნულს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ინტერნეტსივრცეში, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამართლის ექსპერტებისა და ბრაუნის უნივერსიტეტის მხრიდან. 

კომენტარები