ჩრდილოეთ მაკედონია

ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

ღამის კლუბი Pulse ხანძრის შემდეგ
  Alexandros Avramidis/Reuters

ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ კოჩანის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. 

დაშავებულთაგან 20-ზე მეტი, ხოლო დაღუპულთაგან 3 არასრულწლოვანი იყო. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 150 დაშავებულთაგან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

16 მარტს, ღამის კლუბ Pulse-ში სცენასთან, სადაც ბენდი უკრავდა, მაშხალები აანთეს, რის შედეგადაც კლუბის ჭერს ცეცხლი წაეკიდა. ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 3 საათზე დაიწყო, ასობით ადამიანი, რომელიც შენობაში იმყოფებოდა, გასავლელ კართან ერთდროულად მივიდა, რის გამოც ბევრმა შენობიდან გამოსვლა არ მოახერხა. 

ხანძრის გაჩენის დროს კლუბში 1500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ უკიდებს მაშხალების ნაპერწკლები ღამის კლუბის შენობის ჭერს ცეცხლს. 

სამართალდამცავმა უწყებამ მომხდართან დაკავშირებით, Reuters-ის ცნობით, დაახლოებით 20 ადამიანი დააკავა, მათ შორის, მთავრობის მაღალჩინოსნები და ღამის კლუბის მენეჯერი, რომელსაც ვალიდური ლიცენზია არ ჰქონდა. 

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმინისტრმა კრისტიან მიცკოსკიმ განაცხადა, რომ ლიცენზია არალეგალურად ეკონომიკის სამინისტრომ გასცა და პირობა დადო, რომ ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან აღნიშნულზე, დაისჯებიან. 

კომენტარები