ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ, ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა დაიწყონ დისკუსია, რათა "შენარჩუნდეს" რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო, მას შემდეგ, რაც აშშ-ს ადმინისტრაციამ მისი დაფინანსება შეაჩერა.
"ჩვენი ინტერესია, რომ ტოტალიტარული რეჟიმები ჩვენს გარშემო არ აყვავდნენ". - განაცხადა ლიპავსკიმ სატელევიზიო დებატებში.
მისი თქმით, ევროპამ უნდა განიხილოს ზომები და მზაობა, შეინარჩუნოს რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო, რომლის სათავო ოფისი პრაღაში მდებარეობს.
ლიპავსკის თქმით, "თუ ის დაიხურება, მისი აღდგენა ადვილი არ იქნება".
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 მარტს პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ "ბელარუსიდან ირანამდე, რუსეთიდან ავღანეთამდე, რადიო თავისუფალი ევროპა და ამერიკის ხმა თავისუფალი ინფორმაციის მცირერიცხოვან წყაროებად რჩებიან".
ლიპავსკის განცხადებით, ამ მედიასაშუალებების დადუმება დანაკარგი იქნება არა მხოლოდ მათი აუდიტორიისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც დემოკრატიის სჯერა.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.
სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:
- მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
- აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
- ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
- სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
- აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
- თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
- უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.
ცნობისთვის, აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia).