აშშ-რუსეთი

რუსეთმა აშშ-ს იემენელ ჰუსიტებზე იერიშების შეწყვეტისკენ და დიალოგისკენ მოუწოდა

РИА Новости

რუსეთმა აშშ-ს იემენელ ჰუსიტებზე იერიშების შეწყვეტისკენ და მხარეებთან დიალოგისკენ მოუწოდა. ინფორმაცის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, აღნიშნული მოწოდება საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას გაახმოვანა. 

ლავროვმა და რუბიომ ტელეფონით 15 მარტს ისაუბრეს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ რუბიომ საუბრისას ლავროვს აშშ-ს გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა, განეხორციელებინა საჰაერო იერიში ჰუსიტების დაჯგუფების წინააღმდეგ იემენში. 

"სერგეი ლავროვმა, ამერიკის წარმომადგენლის არგუმენტების საპასუხოდ, ხაზი გაუსვა ყოველი მხარის მიერ ძალის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საჭიროებასა და პოლიტიკური დიალოგის დაწყების მნიშვნელობას, რათა მოინახოს გამოსავალი, რომელიც შემდგომი სისხლისღვრის პრევენციას მოახდენს". - წერია პრესრელიზში. 

ცნობისთვის, აშშ-მ იემენში ჰუსიტებზე "გადამწყვეტი და ძლიერი" საჰაერო იერიშები მიიტანა, როგორც ეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერიშის დაწყებამდე Truth Social-ზე გამოაცხადა

ტრამპი წერდა, რომ "ირანის დაფინანსებით" ჰუსიტები წითელ ზღვაში ამერიკისა და მოკავშირეების გემებს, თვითმფრინავებსა და დრონებს თავს ესხმოდნენ, რაც აშშ-სა და მსოფლიოს ეკონომიკას აზარალებს, რის გამოც ჰუსიტებს "ჯოჯოხეთი დაატყდებოდათ თავს". 

ღამის საათებში აფეთქებები იყო იემენის დედაქალაქ სანააში და ჩრდილოეთ პროვინცია საადაში. 

ჰუსუტების მიერ კონტროლირებულმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ს იერიშებს, სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა. 

BBC-ს ცნობით, ჰუსიტები აშშ-ს შურისძიებით ემუქრებიან. როგორც დაჯგუფებამ განაცხადა, "ეს აგრესია პასუხის გარეშე არ ჩაივლის, იემენის შეიარაღებული ძალები მზად არის, ესკალაციას შემდგომი ესკალაციით უპასუხოს". 

მომხდარს გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც. 

"აშშ-ს საქმე არ არის, არც ძალაუფლება აქვს, უკარნახოს ირანს საგარეო პოლიტიკა. ეს ერა 1979-ში დამთავრდა. დაასრულეთ ისრაელური გენოციდისა და ტერორიზმის მხარდაჭერა. დაასრულეთ იემენელი ხალხის ხოცვა". - დაწერა არაღჩიმ X-ზე ტრამპის განცხადების საპასუხოდ. 

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში იემენელ ჰუსიტებზე იერიშის დაანონსების გარდა ირანსაც მოუწოდა, ჰუსიტების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა და დაემუქრა, რომ აშშ მათ "პასუხს სრულად აგებინებდა". 

"ირანს: ჰუსიტი ტერორისტების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს! არ დაემუქროთ ამერიკელ ხალხს, მათ პრეზიდენტს, რომელმაც საპრეზიდენტო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მანდატი მიიღო, ან მსოფლიო საზღვაო ხაზებს. თუ ამას იზამთ, ფრთხილად იყავით, რადგან ამერიკა თქვენ პასუხს სრულად გაგებინებთ და თავაზიანები არ ვიქნებით". - წერდა ტრამპი.

ეს ჰუსიტების წინააღმდეგ მიტანილი პირველი იერიშია დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან. 

მანამდე, 4 მარტს ტრამპის ადმინისტრაციამ იემენში ჰუსიტების პროირანული დაჯგუფება კვლავ დააბრუნა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა (FTO) სიაში, რითაც მან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. ანალოგიური გადაწყვეტილება ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც მიიღო.

ირანის მხარდაჭერით ჰუსიტები 2023 წლის ნოემბრიდან ადენის ყურესა და წითელ ზღვაში გამავალ სავაჭრო გემებს რაკეტებითა და დრონებით ესხმიან თავს. ჰუსიტები ისრაელს მტრად მიიჩნევენ - უთქვამთ, რომ ისინი გემებს პალესტინელების მხარდაჭერისთვის ესხმიან თავს, ხოლო მათი სამიზნე მხოლოდ ის გემებია, რომლებიც ისრაელთან, აშშ-სთან ან გაერთიანებულ სამეფოსთანაა დაკავშირებული. თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან 2023 წლიდან ჰუსიტების სამიზნე სხვა ქვეყნების გემებიც გამხდარან. 

კომენტარები