რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთის ქმედებები არცერთმა სამშვიდობო პროცესმა არ უნდა დააჯილდოვოს – ავსტრალიის პრემიერი

ავსტრალიის პრემიერმინისტრი, ენტონი ალბანეზი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ავსტრალია უკრაინის გვერდით დგას და იდგება, "სანამ ეს საჭირო იქნება". მისივე თქმით, რუსეთის "უკანონო და ამორალური ქმედებები" სამშვიდობო პროცესმა არ უნდა დააჯილდოვოს. 

ამის შესახებ განცხადება ალბანეზიმ "მსურველთა კოალიციის" ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და X-ზე დაწერა. 

"გავიმეორე ავსტრალიის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას უკრაინისთვის და ხელახლა განვაცხადე, რომ ავსტრალია უკრაინის გვერდით იდგება მანამდე, სანამ საჭირო იქნება. 

ლიდერები შევთანხმდით, რომ ახლა და მომავალში უკრაინის მხარდასაჭერად მუშაობა და უკრაინის მხარდასაჭერად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გავაგრძელოთ.

ავსტრალია დგას უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ამას მანამდე, სანამ საჭირო იქნება. ეს სამართლიანი ნაბიჯია და ავსტრალიის ეროვნულ ინტერესებში შედის, რადგან რაც ევროატლანტიკურ რეგიონში ხდება, ჩვენს რეგიონზე, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე, სერიოზული გავლენა აქვს და პირიქით. 

ეს ბრძოლაა არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვისა და მათი ეროვნული სუვერენიტეტისთვის, არამედ ეს არის ბრძოლა საერთაშორისო წესრიგისთვისაც. 

პრეზიდენტ პუტინის რეჟიმს იმპერიალისტური გეგმები აქვს უკრაინისთვის და მის მიღმა. უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთის უკანონო და ამორალური ქმედებებს არცერთი სამშვიდობო პროცესი არ დააჯილდოებს". - წერია ალბანეზის განცხადებაში. 

დღეს, 15 მარტს, "მსურველთა კოალიციის" ვირტუალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სიტყვით სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე გამოვიდნენ. 

"მსურველთა კოალიციის" შეხვედრას, მათ შორის, ევროპული კომისია, ევროპის ქვეყნები, NATO, კანადა, უკრაინა, ავსტრალია და ახალი ზელანდია დაესწრნენ. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, "მსურველთა კოალიციის" სამხედრო გეგმები უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის შესახებ "ოპერაციულ ფაზაში" გადადის. მისივე თქმით, კოალიციის წევრი ქვეყნების სამხედროები 20 მარტს შეხვდებიან, რათა "სამშვიდობო შეთანხმების გასამყარებლად და უკრაინის მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მტკიცე და ძლიერი გეგმები შეიმუშაონ". 

ჟურნალისტებთან საუბრისას გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ევროპამ საკუთარი თავდაცვა და უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ომთან დაკავშირებით ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ.

სტარმერმა თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "აბსოლუტურად ერთგულია გრძელვადიანი მშვიდობის მიმართ, რომელიც უკრაინაში არის საჭირო და ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, ეს მიზანი ამოძრავებს". 

2 მარტს, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა წამოიწყეს იდეა, რომ ევროპელმა მშვიდობისმყოფელებმა უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უზრუნველყონ. მიუხედავად მოლაპარაკებების პროგრესისა, სტარმერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კოალიციის წარმატებისთვის ევროპას "მტკიცე ამერიკული მხარდაჭერა" სჭირდება.  

სტარმერმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას კოალიციაში, თუმცა თქვა, რომ "რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი, გახდეს იმ გეგმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ".  

გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 6 მარტს დაადასტურა, რომ დაახლოებით 20 ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელთა უმეტესობა "ევროპელი და [ერთა] თანამეგობრობის პარტნიორები" არიან.  

ამ ეტაპზე, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოხატა კოალიციაში გაწევრიანების მზადყოფნა, მათ შორის კანადამ, ირლანდიამ და თურქეთმა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ "მსურველთა კოალიციაში" გაწევრიანებას, რომელიც უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ავსტრალიაც აპირებს. 

11 მარტს გამოცემა AP-ს ფრანგმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ პარიზში ფრანგულ-ბრიტანული გეგმა 30-ზე მეტი სახელმწიფოს სამხედრო მაღალჩინოსანს იმ დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე წარედგინა. ხოლო მეორე ეტაპზე "უფრო ზუსტი და კონკრეტული" დისკუსიები გაიმართება, სადაც მონაწილეებს მიიწვევენ, რათა მათ განაცხადონ, როგორ შეძლებენ მათი ჯარები გეგმის შესრულებაში წვლილის შეტანას.

Associated Press-ის ინფორმაციით, პარიზში დაგეგმილ შეხვედრას თითქმის NATO-ს ყველა წევრი სახელმწიფო დაესწრო, აშშ-ს გარდა.

მაღალჩინოსნის თქმით, აშშ შეხვედრაზე არ მიიწვიეს, რადგან ევროპულ სახელმწიფოებს სურთ, აჩვენონ, რომ ევროპულ ქვეყნებს ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში უკრაინისთვის უსაფრთხოების გეგმების ძირითად ნაწილზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ.

კომენტარები