რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინს ცეცხლის შეწყვეტა არ სურს, ცდილობს, რომ დიპლომატიამ მარცხი განიცადოს – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე
responsiblestatecraft.org

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბრძოლის ველზე რეალური ვითარების შესახებ იტყუება და სინამდვილეში ომის დასრულება არ სურს, რაზეც მის მიერ წარდგენილი მოთხოვნებიც მიუთითებს. 

"გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პუტინის განცხადება - ის აყენებს რამდენიმე პირობას, რომლებიც ნათლად აჩვენებს, რომ მას არანაირი ცეცხლის შეწყვეტა არ სურს. მას ესაჭიროება ომი, ეს ყოველთვის თვალნათელი იყო და ეს ახლაც თვალნათელია. 

პუტინი ბრძოლის ველზე რეალური ვითარების შესახებ იტყუება, დანაკარგების შესახებ იტყუება, თავისი ეკონომიკის რეალური მდგომარეობის შესახებ იტყუება, რომელიც მისი უნიათო იმპერიული ამბიციებით დაზიანდა და ის აკეთებს ყველაფერს, რაც შეიძლება, რათა დიპლომატიამ მარცხი განიცადოს". - წერს ზელენსკი. 

ზელენსკის თქმით, პუტინი "აკეთებს ყველაფერს, რაც შეიძლება, რათა დიპლომატიას საბოტაჟი მოუწყოს, დასაწყისიდანვე, ჯერ კიდევ ცეცხლის შეწყვეტამდე განსაკუთრებით რთულ და მიუღებელ პირობებს აყენებს". 

"პუტინი შეეცდება, რომ ყველა ჩართოს უსასრულო დისკუსიებში ისევე, როგორც ეს "მინსკის" შემთხვევაში გააკეთა, დახარჯავს დღეებს, კვირებსა და თვეებს უაზრო მოლაპარაკებებზე, სანამ მისი იარაღები ხალხის ხოცვას აგრძელებს. ყოველი პირობა, რომელსაც პუტინი აყენებს, ეს მხოლოდ ნებისმიერი დიპლომატიის დაბრკოლების მცდელობაა. რუსეთი ასე მუშაობს. ჩვენ ამის შესახებ გაფრთხილებას ვიძლეოდით". - წერს ზელენსკი.  

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ ომის გაწელვა დაუშვებელია და აშშ-ს მოუწოდა, "ძლიერი ნაბიჯები გადადგას, რომლებსაც დახმარება შეუძლია".

"ზეწოლა მიმართული უნდა იყოს მის მიმართ, ვისაც ომის დასრულება არ სურს. ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს. მხოლოდ გადამწყვეტ ქმედებებს შეუძლია ამ ომის შეწყვეტა, რომელიც უკვე წლებია, გრძელდება". - წერ ზელენსკი. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს, თუმცა არსებობს ნიუანსები და საჭიროა ამერიკულ მხარესთან საუბარი.

"ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას. თუმცა იქიდან გამოვმდინარეობთ, რომ ამ შეწყვეტამ უნდა მიგვიყვანოს ხანგძლივ მშვიდობამდე და გადაჭრას კრიზისის ძირეული მიზეზები." - თქვა ვლადიმირ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათით ადრე პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე უარყოფითად ისაუბრა, სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ 30-დღიან ზავს "მხარს უჭერენ, მაგრამ არსებობს ნიუანსები". 

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა დეტალების ამერიკელ კოლეგებთან დაზუსტება და დაწვრილებითი მუშაობა კონტროლის მექანიზმის შესაქმნელად. ამას გარდა, მისი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ მოსკოვი კიევს რთულად შესასრულებელ პირობებს წამოუყენებს.

საუბარში პუტინმა გამოთქვა იგივე შიში, რაც აქამდე უშაკოვმაც თქვა, რომ ამ პერიოდში უკრაინელებმა შეიძლება გადაიარაღება დაიწყონ. 

პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტამ უნდა შეძლოს კონფლიქტის ხანგრძლივ მშვიდობამდე მიყვანა და "ძირეული პრობლემების" გადაჭრა. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, მსგავსი პირობის წაყენება არამედ კიევზე ვაშინგტონის ზეწოლითაა განპირობებული, არამედ ბრძოლის ველზე არსებულმა რეალობებმა გამოიწვია და უკრაინელებმა აშშ-ს ეს თავად სთხოვეს.

კომენტარები